ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსება იწყება.
მისივე თქმით, ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, სადაც დაბრენდილ ავტობუსებში მოსახლეობა კუთვნილი ვაქცინით იცრება.
პროექტის მიხედვით, სამგზავრო ავტობუსებში ვაქცინაციის სივრცე მოეწყო და რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები, ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ. მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ. იმუნიზაცია Sinopharm-ის, Sinovac-ისა და Pfizer-ის ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე მოეწყობა შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
,,დღეს ჩვენ დავიწყეთ ახალი პროექტი, რომელიც გულისხმობს ვაქცინაციის ცენტრების ავტობუსებში განთავსებას . ეს გახლავთ საერთაშორისო პრაქტიკა უკვე. ევროპაში არის მრავალი დაბრენდილი ავტობუსი, სადაც მოქალაქეები იღებენ მომსახურეობას და თავიანთ კუთვნილ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობას.
ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თბილისში პირველ ეტაპზე დაგვეწყო 3 ავტობუსით. გამოვკვეთეთ ის რაიონები, სადაც ყველაზე ნაკლები ხელმისაწვდომობა იყო ვაქცინაციის პუნქტებისთვის და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ვარკეთილში, გლდანში და სადგურის მოედნის ტერიტორიაზე მოვათავსებთ 3 ავტობუსს. ჯამში დაგეგმილია 10 ავტობუსის განთავსება. ისინი იქნებიან დაბრენდილი ავტობუსები, სადაც მოქალაქე მიიღებს ყველა იმ საჭირო უსაფრთხო მომსახურეობას ვაქცინაციასთან დაკავშირებით, რასაც ის მიიღებდა კლინიკაში თუ პოლიკლინიკის წერტილში. აქ იქნება რეგისტრაცია, რომელიც ონლაინ აისახება პორტალზე , შემდეგ მოქალაქე აირჩევს თავის კუთვნილ ვაქცინას, რომელზეც ის მიიღებს გადაწყვეტილებას. საჭიროების შემთხვევაში მათ გაეწევათ ყველა საჭირო დახმარება", - განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.