ამირან გამყრელიძე: გაჩნდა იმედის ნაპერწკალი, რომ ეპიდემია შეიძლება, თანდათან შეკავდეს

კოვიდინფიცირებულთა ახალი რაოდენობა 4000-ზე მეტია, მაგრამ რამდენიმე დღეა, დამაიმედებელია, რომ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს ინფიცირებულთა რაოდენობას. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ეს იმედის ნაპერწკალს იძლევა, რომ ეპიდემია შეიძლება, თანდათან შეკავდეს, მაგრამ ამას ძალიან სერიოზული და დიდი მუშაობა სჭირდება ყველას მიერ. ეს კი გულისხმობს პირბადის ტარებას და აცრას.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ბოლო 2 დღეში ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი და აქტიურ ავადმყოფთა რაოდენობა შემცირდა.

თუ სექტემბერში მილიონი აცრა ჩატარდა, ამირან გამყრელიძე დარწმუნებულია, რომ „სერიოზულად გავტეხავთ წელში პამდემიას“.

26 აგვისტოს მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9,43%, ბოლო 14 დღის - 10,7%, ბოლო 7 დღის - 10,4%. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 536 202 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 473 502, გარდაიცვალა 7 101 პაციენტი.