ეკატერინე ტიკარაძე არჩევნებზე: ამ პერიოდისთვის ინფიცირებულთა რაოდენობის კლებას ველოდებით, ქორწილები უფრო დიდი საფრთხეა

წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციებით ჩატარება სრულიად შესაძლებელია,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, უწყება ცენტრალურ საარჩევნო კომიისიასთან ერთად აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ არჩევნები უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს.

ეკატერინე ტიკარაძე პარტიებს მოუწოდებს, მეტად გააქტიურდნენ კოვიდ რეგულაციების აღსრულებასთან მიმართებით და მოქალაქეებისადმი მოწოდებაში, რომ მათ ვაქცინა დროულად ჩაიტარონ.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ გაცილებით უფრო დიდი საფრთხის შემცველია ქორწილები და ქელეხები, რომელიც იმართებოდა. ასევე გარკვეული შეხვედრები, რომელიც ფარულად იმართება, ვინაიდან სწორედ ამ პროცესის დროს ხდება განსაკუთრებით ინფექციის გავრცელება.

რაც შეეხება არჩევნებს, ჩვენ ცესკოსთან ერთად აქტიურად ვმუშობთ იმისთვის, რომ უფრო დეტალური გავხადოთ ის პროცესი და დაცვის მექანიზმები, რომელიც არჩევნებს უსაფრთხოს გახდის. იმ პერიოდისთვის ველოდებით ეპიდემიოლოგიურად ინფიცირებულთა რიცხვის კლებას. მნიშვნელოვანია, რომ ცესკომ, ყველა მოქალაქემ და პარტიამ გაითვალისწინოს ჯანდაცვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მხრიდან მიწოდებული ყველა რეკომენდაცია და ამ შემთხვევაში, არჩევნები ნამდვილად უსაფრთხო იქნება.

წინასაარჩევნო კამპანიის რეგულაციებით ჩატარება სრულიად შესაძლებელია, მოვუწოდებ ყველა პარტიას, დაიცვან ჩვენი მითითებები, გააქტიურდნენ მეტად ზოგადად, კოვიდ რეგულაციების აღსრულებასთან მიმართებით, ასევე გააქტიურდნენ ჩვენი მოქალაქეებისადმი მოწოდებაში, რომ აუცილებელად უნდა ჩავიტაროთ დროულად ვაქცინა, რის ხელმისაწვდომობასაც სახელმწიფო და მთავრობა მაქსიმალურად უზრუნველყოფს. დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩავატაროთ გამჭვირვალე და კოვიდ უსაფრთხო არჩევნები“,- განაცხადა ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 418-მა ადამიანმა გაიკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. სრულად ვაქცინირებულია 345 315 - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.