აღდგება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტი 4 სექტემბრიდან - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

ამ ეტაპზე, ვირუსის საკმარისი კლება არ არის, რომ ამ საკითხზე დადებითი პასუხი გითხრათ, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კითხვას იმის შესახებ, აღდგება თუ არა მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა 4 სექტემბრიდან.

როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭო მიიღებს.

რაც შეეხება სკოლებისა და ბაღების გახსნას, მინისტრის განმარტებით, „როგორც მერია, ასევე განათლების სამინისტრო, აქტიურადაა ჩართული პროცესში, რათა უსაფრთხო ბაღი და უსაფრთხო სკოლა დაიწყოს“.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კოვიდინფიცირებულების მატების გამო, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 585 პაციენტი, 73 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 26 418-მა ადამიანმა გაიკეთა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთი დოზით ვაქცინირებულია 749 754 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 26.3%. სრულად ვაქცინირებულია 345 315 - მოზრდილი მოსახლეობის 12.1%.