კვლევა: ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს

Deutche Welle წერს, რომ სამედიცინო ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნდა ხანგრძლივ კოვიდზე ერთ-ერთი უდიდესი კვლევა, რომლის მიხედვითაც, ხანგრძლივი კოვიდი შესაძლოა, წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში გაგრძელდეს.

როგორც გამოცემა წერს, ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულ მონაცემებში აღნიშნულია, რომ კვლევის მიხედვით, ზოგიერთ პაციენტს კორონავირუსით ჰოსპიტალიზაციიდან ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დაღლილობა და სუნთქვის უკმარისობა აწუხებდა.

კვლევამ აჩვენა, რომ პაციენტთა ნახევარს ერთი წლის შემდეგ მაინც ჰქონდა ერთი ან სხვა სიმპტომი, ყველაზე ხშირად დაღლილობა ან კუნთების სისუსტე.

ყოველ მესამე პაციენტს აღენიშნება ქოშინი 12 თვეზე მეტი ხნის შემდეგ და ეს რიცხვი გაიზარდა იმ ადამიანებს შორის, ვინც ვირუსის გამო მძიმედ დაავადდა. კვლევის თანახმად, მამაკაცებთან შედარებით, აღნიშნული სიმპტომებისგან ქალები 43 პროცენტით მეტად დაზარალდნენ და ორჯერ მეტად ხშირად ჰქონდათ შფოთვა, დეპრესია.

Lancet-მა კვლევასთან ერთად, გამოაქვეყნა სარედაქციო მასალაც, სადაც ნათქვამია, რომ დამტკიცებული მკურნალობის ან თუნდაც სარეაბილიტაციო მითითებების გარეშე ხანგრძლივმა კოვიდმა გავლენა იქონია ადამიანების ნორმალური ცხოვრების განახლების უნარსა და მათ შრომისუნარიანობაზე.

სამედიცინო ჟურნალმა დაამატა, რომ ხანგრძლივი კოვიდის პაციენტების სრულ გამოჯანმრთელებას ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდა.

ცნობისთვის, კორონავირუსი ზოგჯერ უჩვეულოდ ხანგრძლივ დაავადებას იწვევს, რის გამოც ასეთ შემთხვევებს ხანგრძლივი კოვიდი შეარქვეს. ინფიცირებულები სიმპტომების შესახებ კვირების და ზოგჯერ თვეების შემდეგაც იტყობინებიან.

Annals of Internal Medicine-ში წარსულში გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, კვლევებმა დაადგინა, რომ კოვიდის დიაგნოზიდან 6 კვირის შემდეგაც კი, კვლევაში მონაწილე თითქმის 33%-ს ჯერ კიდევ აღენიშნებოდა COVID-19-ის ერთი სიმპტომი მაინც. ე.წ. ხანგრძლივი კოვიდის მქონეთა სიმპტომებს შორის სახელდება დაღლილობის შეგრძნება, ყნოსვის და გემოს დაკარგვა, სუნთქვის უკმარისობა, ხველა და თავის ტკივილი.

ე.წ. ხანგრძლივი COVID-19-ით დაავადებულებისთვის, შვეიცარიის საუნივერსიტეტო საავადმყოფოების გაერთიანებაში უკვე შექმნილია სპეციალური საკონსულტაციო ცენტრი. ის ხანგრძლივი კოვიდის მქონე პაციენტებს ემსახურება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების და ჯანდაცვის სისტემაში სწორად ნავიგაციის მიზნით.