აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის საქართველოს მადლობას უხდის

აშშ ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესში მადლობას უხდის საქართველოს იმ ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ქვეყანა უწევს ავღანეთიდან ტრანზიტულ ჰუმანიტარულ ფრენებს, საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე.

ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის დახურვის ცერემონიაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეს ამ პროგრამის დასრულება არის საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მტკიცე პარტნიორობის კიდევ ერთი შესანიშნავი მაგალითი. საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში გასული სამი წლის განმავლობაში ცხრა ბატალიონი მომზადდა. აშშ-ის ევროპის სარდლობამ და თავდაცვის სამინისტრომ ერთად შეიმუშავეს და განახორციელეს საწვრთნელი პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებას, NATO-ს ძალებთან ურთიერთთავსებადობის გაზრდასა და საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას.

აშშ-ის სამხედროების ყოფნა საქართველოში და მსგავსი საწვრთნელი პროგრამები არის აშშ-ის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას იმ შესანიშნავი ლოგისტიკური მხარდაჭერისთვის, რომელსაც ისინი უწევენ ავღანეთიდან ტრანზიტით, საქართველოს გავლით მომავალ ჰუმანიტარულ ფრენებს, მათ საბოლოო დანიშნულების ადგილამდე ჩასვლამდე.

ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ როგორი თანადგომითა და დიდი შესაძლებლობებით შეაქვს საქართველოს წვლილი გლობალური უსაფრთხოების ოპერაციებში. აშშ კვლავ გააგრძელებს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობას, რათა საქართველოს თავდაცვის ძალები გახდეს კიდევ უფრო ძლიერი, ვიდრე დღეს“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.

ცნობისთვის, ავღანეთიდან საევაკუაციო პროცესში საქართველო ჩართულია: თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა.

ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იყო გამოყენებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკვე განხორციელდა დაახლოებით 6000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ რიგი ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც საუბრობდნენ და საქართველოს როლს უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, 25 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა.