ავღანეთიდან საევაკუაციო პროცესში საქართველო ჩართულია: თბილისის აეროპორტში NATO-ს სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები განლაგდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავღანეთიდან საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ინსტიტუტების თანამშრომლების სასწრაფო ევაკუაციის პროცესში საქართველოს ჩართვის დეტალებზე იუწყება.

მათივე ცნობით, თბილისის აეროპორტში განლაგდა NATO-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომელებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით.

„საქართველო წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა ავღანეთში მიმდინარე NATO-ს მისიაში. ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ჩართული იყვნენ ჯერ ISAF-ის ოპერაციაში, ხოლო მოგვიანებით RSM-ის მისიის ფარგლებში.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში საქართველო იყო ავღანეთში NATO-ს RSM-ის მისიის ერთ-ერთი უმსხვილესი კონტრიბუტორი და ასრულებდა ურთულეს სამხედრო მისიას ავღანეთის ყველაზე ცხელ წერტილებში.

საქართველომ, ამ ოპერაციებში ჩართულობით, როგორც ალიანსის მომავალმა წვერმა ქვეყანამ, დაამტკიცა, რომ შესწევს უნარი, ღირსეულად იტვირთოს კოლექტიური თავდაცვის პასუხისმგებლობა და იყოს გლობალური უსაფრთხოების მხარდამჭერი.

ავღანეთში, NATO-ს ოპერაციის დასრულების პროცესშიც საქართველომ შეასრულა უმნიშვნელოვანესი ფუნქცია, როდესაც საქართველოს ტერიტორიის გამოყენებით განხორციელდა წევრი ქვეყნების შეიარაღებული ძალების გამოყვანა ავღანეთიდან.

დღეს, როდესაც ავღანეთში განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა დაგვაყენა მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისის საფრთხის წინაშე, საქართველო კვლავ დგას მისი პარტნიორების გვერდით და აქტიურად არის ჩართული ჰუმანიტარული და საევაკუაციო პროცესების მართვაში.

თბილისის აეროპორტში განლაგდა NATO-ს სამხედრო-სატრანსპორტო გადაზიდვების ორგანიზაციის სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავები, რომელებიც ყოველდღიურად ასრულებენ ფრენებს ქაბულის მიმართულებით. ხოლო, ქაბულიდან თბილისის აეროპორტში ევაკუირებული მგზავრების გადაყვანა ხორციელდება სხვადასხვა ჩარტერული რეისის საშუალებით (დღეისთვის განხორციელებულია 2 000-მდე მგზავრის ევაკუაცია).

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში და აეროპორტთან არსებული საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზაზე ჩამოყალიბდა რეგიონული სატრანზიტო ჰაბი, რომლის ფუნქციონირებაშიც მონაწილეობენ ქართველი, ნორვეგიელი, შვედი და NATO-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალი.

ასევე სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე ნორვეგიის შეიარაღებული ძალების მიერ მოეწყო სატრანზიტო სამედიცინო დახმარების პუნქტი, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება ქაბულში არსებული ნორვეგიული სამხედრო ჰოსპიტალის ევაკუაციისას.

ნორვეგიის საგარეო უწყება: ქაბულიდან მოქალაქეების ევაკუაციის საკითხზე საქართველოსთან შესანიშნავ თანამშრომლობას ვაფასებთ

როგორც ცნობილია, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაცია და პარტნიორი სახელმწიფოები ახორციელებენ თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების სასწრაფო ჰუმანიტარულ ევაკუაციას ავღანეთიდან. საქართველომ, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეულმა წევრმა, პარტნიორებთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო გადაწყვეტილება, ჩართულიყო ამ პროცესში.

შედეგად, ქართული მხარე დათანხმდა რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის, კერძოდ დემოკრატიის მხარდაჭერის ეროვნული ფონდის (NED), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI), აზიის განვითარების ბანკის (ADB) საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) და მსოფლიო ბანკის (WB) მომართვას, დახმარება აღმოუჩინოს მათ თანამშრომლებს ევაკუაციის და საქართველოს ტერიტორიაზე დროებითი განთავსების პროცესში.

მათი საქართველოში შემოყვანისა და განთავსებისას გათვალისწინებულია COVID-უსაფრთხოების წესები, ხოლო საქართველოში მათ ყოფნასთან დაკავშირებულ ხარჯებს ანაზღაურებენ შესაბამისი საერთაშორისო ინსტიტუტები", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებში.

ცნობისთვის, ევაკუაციის პროცესის დაწყების პირველივე დღეებიდანვე, თბილისი იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჰაბი, რომელიც პარტნიორების მხრიდან იყო გამოყენებული. საქართველოს მთავრობის განცხადებით, უკვე განხორციელდა დაახლოებით 2000-მდე ადამიანის ევაკუაცია. ამის შესახებ რიგი ქვეყნების ოფიციალური უწყებებიც საუბრობდნენ და საქართველოს როლს უსვამდნენ ხაზს. მაგალითად, 25 აგვისტოს, ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მხარესთან თანამშრომლობით, ქაბულიდან თბილისის გავლით, ოსლოს აეროპორტში დაეშვა თვითმფრინავი, რომელმაც ავღანეთიდან ადამიანები ჩაიყვანა.