ირაკლი ღარიბაშვილი: ფაროსანას მართვის ქართული მოდელი აშშ-მ აღიარა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი რარიბაშვილის განცხადებით, ფაროსანას მართვის ქართული მოდელი აშშ-მ აღიარა. ამის შესახებ მან აბაშაში, "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ფაროსანას პრობლემა დაძლეულია.

"ახლახანს ვიმყოფებოდი ფაროსანას მართვის შტაბში, რომელიც შექმნილია ბატონი ლევან დავითაშვილისა და მისი სამინისტროს მიერ, იმართა ძალიან ეფექტიანად და მსოფლიოდან, მათ შორის, აშშ-ს მიერ იქნა აღიარებული ფართოდ, რომ ქართული მართვის მოდელი არის ნამდვილად წარმატებული, მადლობა ბატონ ლევანს და მთელ შტაბს, ვინც მუშაობდა ამ მართლაც ძალიან დიდი გამოწვევის დამარცხებაში. ეს პრობლემა დაძლეულია. მოსახლეობას მიეცა საშუალება, რომ კვლავაც აღადგინოს ბაღები და მიიღოს შემოსავალი, წელს იქნება რეკორდული მოსავალი თხილის" ,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.