დანიაში კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა უქმდება

დანიის მთავრობამ კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ამჟამად დაწესებული შეზღუდვების ვადა 10 სექტემბერს იწურება. მთავრობის გადაწყვეტილებით კი შეზღუდვების ვადა აღარ გაგრძელდება.

როგორც Deutsche Welle წერს, მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი ტემპით არის განპირობებული.

ჯანდაცვის მინისტრის მაგნუს ჰეუნიკეს თქმით, დანიამ მიაღწია "რეკორდულად მაღალი ვაქცინაციის მაჩვენებელს".

"მთავრობამ პირობა დადო, რომ არ გაახანგრძლივებს ზომებს საჭიროზე მეტ ხანს და ჩვენ ვასრულებთ ამ დაპირებას. მაგრამ ეპიდემია ჯერ არ დასრულებულა. საჭიროების შემთხვევაში, თუ პანდემია ისევ შეუქმნის საფრთხეს ჩვენს საზოგადოებას, მთავრობა სწრაფად იმოქმედებს და დააბრუნებს ზომებს" , - განაცხადა დანიის ჯანდაცვის მინისტრმა.

ცნობისთვის, პანდემიის დაწყების დღიდან, 6 მილიონიან ქვეყანაში 340 ათასზე მეტ ადამიანს დაუდგინდა კორონავირუსი, დაახლოებით 2,5 ათასი ინფიცირებული კი გარდაიცვალა.