100 წლის ზექიე დოლიძის ექიმი: ვაპირებდი დამერეგისტრირებინა, მაგრამ მომასწრო და თავად მოვიდა აცრის გასაკეთებლად

100 წლის ზექიე დოლიძე ბათუმში, 26 აგვისტოს აიცრა.

„ჩემი სურვილით მოვედი. იკეთებს [ვაქცინას] ხალხი და მეც გავიკეთებ, ცუდი რაა ამაში. მოქალაქეებს ვურჩევ გაიკეთონ ვაქცინა. აიცრან და დაცული იქნებიან. იკეთებს ხალხი. რატომ ეშინიათ? რაა საშიში, მე მიკვირს“, - განაცხადა ზექიე დოლიძემ.

მისი ოჯახის ექიმის, ნანა მიქელაძის თქმით, 100 წლის ქალი აცრას დიდი ხანი გეგმავდა.

„მე ვარ მისი ოჯახის ექიმი. მითხრა, რომ ვაქცინის გაკეთება უნდოდა. საჭიროა, ჯანმრთელი რომ ვიყო და გავიკეთებო.

მე ვუთხარი, ჩვენ გვყავს ბრიგადა, რომელიც სამინისტრომ შექმნა. სახლშიც აკითხავენ ასაკოვან ან შეზღუდული უნარების მქონე პაციენტებს-მეთქი. ვაპირებდი დამერეგისტრირებინა და გამეშვა ამცრელი ბრიგადა, მაგრამ მომასწრო და თავად მოვიდა აცრის გასაკეთებლად“, – აცხადებს ნანა მიქელაძე.

100 წლის ზექიე დოლიძე ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტში მივიდა ასაცრელად. აქ ვაქცინაცია რეგისტრაციის გარეშე ტარდება ყველა ვაქცინით, რომელიც საქართველოშია, Astrazeneca-ს გარდა.

წყარო - ბათუმელები