გერმანიის შარიტეს კლინიკის ექიმი: ანტისხეულების ტიტრის მიუხედავად, ვაქცინაცია აუცილებელია

"ანტისხეულების ტიტრის მიუხედავად, ვაქცინაცია აუცილებელია", - ამის შესახებ გერმანიის შარიტეს კლინიკის ექიმმა, პულმოლოგმა თამარ ჟამურაშვილმა "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

თამარ ჟამურაშვილის თქმით, დღესდღეობით უცნობია, თუ რამდენი ანტისხეულია საჭირო ვირუსისგან დაცვისთვის.

"დღევანდელ დღეს, ანტისხეულების გამოკვლევა არის უბრალოდ, ეკონომიკური ზარალი თითოეული პაციენტისთვის, რადგან ანტისხეულების ტიტრი არაფერს არ გვაძლევს. პრობლემა არის ის, რომ დღეს არ გვაქვს საკმარისი კვლევები იმისთვის, რომ ანტისხეულების ზღვარი განვსაზღვროთ. შესაბამისად, არ ვიცით, 150 ანტისხეული თქვენ გიცავთ თუ არა. როგორც ბიძინამ (კულუმბეგოვი) აღნიშნა, შეიძლება ანტისხეული იყოს ერთი, მაგრამ უჯრედული იმუნიტეტია იმდენად განვითარებული, რომ ესეც კი გეყოთ (დაცვისთვის). ამიტომ, თქვენ თუ გექნებათ 800 ანტისხეული, მე ვერ გეტყვით, ეს 800 ანტისხეული დაგიცავთ ინფექციისგან, თუ არა. შეიძლება ოთხმოციც გიცავდეთ, შეიძლება - რვაც. მაგრამ დღევანდელ დღეს ეს არ ვიცით. ამიტომ სანამ ახალი კვლევები დაიდება, ან ანტისხეულების ტიტრს რაიმე მნიშვნელობა მიენიჭება, გთხოვთ, უბრალოდ, ნუ გაიკეთებთ ანტისხეულებს, ეს დამაბნეველია თქვენთვისაც და არაფერს არ გაძლევთ, ქაოსის გარდა.

თუ თქვენ 1 500 გაქვთ ანტისხეული, მაინც გჭირდებათ აცრა. ანტისხეულების ტიტრის მიუხედავად, ვაქცინაცია აუცილებელია" , - განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა.