დიდი ბრიტანეთი ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას დღეს დაასრულებს

ავღანეთიდან დიდი ბრიტანეთის სამოქალაქო პირების ევაკუაცია დღეს დასრულდება, განაცხადა შეიარაღებული ძალების მეთაურმა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გენერალმა ნიკ კარტერმა დასძინა, რომ "გულისამაჩუყებელი" იყო, რომ მათ ვერ შეძლეს ყველას გადარჩენა.

"ჩვენ ვასრულებთ ევაკუაციას, რომელიც გაგრძელდება დღეს. ამის შემდეგ აუცილებელი იქნება ჩვენი სამხედროების დაბრუნება დარჩენილი თვითმფრინავით. ჩვენ ვერ შევძელით ყველას გამოყვანა და ეს გულსატკენია. ადგილზე მიღებულ იქნა ძალიან რთული გადაწყვეტილებები", – განაცხადა ბრიტანელმა გენერალმა.

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ბრიტანეთმა ქაბულიდან 13 აგვისტოს შემდეგ 14 543 ადამიანი გაიყვანა.

უცხოურ ჯარებს ავღანეთის დატოვების ვადა 31 აგვისტომდე აქვს.

ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.