"მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, ვისაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაცის სახით, 3000 ლარს მიიღებს. მევენახეები დაზიანებულ ყურძენს - 1 კილო რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო საფერავს 1 ლარად ჩაიბარებენ", - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.
ლევან დავითაშვილი, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ირაკლი შიოშვილი სტიქიისგან დაზარალებულ ფერმერებს შეხვდნენ და მტავრობის მიერ სეტყვით დაზარალებული ფერმერების მხარდაჭერისთვის მიღებული გადაწყვეტილებები გააცნეს.
"ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ როგორც ყოველ წელს, წელსაც ხელისუფლება დგას ხალხის გვერდით და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ სტიქიის მიერ მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალი მინიმუმამდე შემცირდეს. პირველი დღიდან, რთველის საკორდინაციო შტაბის თანამშრომლები მუშაობენ ფერმერებთან, რათა ორგანიზებულად მოხდეს დაზიანებული ყურძნის ჩაბარება. მთავრობის გადაწყვეტილებით, სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა, ვისაც სრულად, 100 %-ით გაუნადგურდა ყურძნის მოსავალი, ერთჯერადი კომპენსაცის სახით, 3000 ლარს მიიღებს. მევენახეები დაზიანებულ ყურძენს - 1 გკ რქაწითელს 80 თეთრად, ხოლო საფერავს 1 ლარად ჩაიბარებენ", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კომპანიის მიერ მოწყობილ ლოკაციებზე უკვე შესაძლებელია.
"ყველა რესურსი მობილიზებულია, იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა მოსავლის დაბინავება შეუფერხებლად შეძლონ. სეტყვის შედეგად დაზიანებული ყურძნის ჩაბარებას მევენახეები 3 სექტემბრის ჩათვლით შეძლებენ. დასეტყვილი ყურძნის მიღება თელავის, გურჯაანისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში კომპანიის მიერ მოწყობილ ლოკაციებზე უკვე შესაძლებელია", - აღნიშნა დავიტაშვილმა.
შეგახსენებთ, 26 აგვისტოს, ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში 4 600 ჰექტარი ვენახი დააზიანა. სახელმწიფო საწარმომ შპს „მოსავლის მართვის კომპანიამ" სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის ჩაბარება 27 აგვისტოდან დაიწყო და 3 სექტემბრის ჩათვლით გააგრძელებს.