"ვინც აიცრა, ის სხვას რომ ეჩხუბება რატომ არ იცრებიო, იმას რა აწუხებს, თვითონ ხომ აიცრა?- ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება. ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ?"- ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მარიამობის დღესასწაულზე ქადაგებისას განაცხადა.
როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ადამიანს ვერ დააძალებ გააკეთოს ის, რაც არ უნდა, "ნებისმიერი ასეთი იძულება, სიკეთის მომტანი არ არის".
"დღეს, როდესაც ასეთი პანდემიაა, ნუთუ შეურიგებლობა შეიძლება? შეიძლება ერთი ნაწილი მეორე ლანძღავდეს? ვინც აცრილია, სხვას ეუბნებოდეს, შენ რატომ არ იცრები, არ ხარ წესიერი ადამიანი, სხვებს აავადებ? ხოლო მეორე ნაწილი რას ეუბნება? ყველა თავისებურად, უდიერად მოიხსენიებს იმ ნაწილს. ასე არ შეიძლება, ადამიანები ვართ, ყველა თვითონ იღებს გადაწყვეტილებას. თუ ვინმემ იცის, რომ რამის ნიშანია და დამანგრეველია, თქვას ხმამაღლა, თუ არადა შეუძლია არჩევანი გააკეთოს. ზოგისთვის მისაღებია, 1 წელი იქნება, თუ 2 წელი გადაწიოს, რომ არ დაავადდეს, მანამდე კიდევ საშველი მოევლინება.
ერთი რამ ვიცოდეთ, ვინც აიცრა, ის სხვას რომ ეჩხუბება რატომ არ იცრებიო, იმას რა აწუხებს, თვითონ ხომ აიცრა? ზედმეტ, ზოგადსაკაცობრიობაზე არ დამიწყონ საუბარი, რომ თურმე, ყველაზე ზრუნავენ. აიცრა და შენ დაავადებული კაციც ვეღარ დაგაავადებს. ვინც არ აიცრა, იმან იცის, რომ შეიძლება დაავადდეს. დღევანდელ სიტუაციაში, როდესაც ძალიან ბევრი ადამიანი ავადდება, შეხედეთ, რა ხდება. ვინც იპრანჭებოდა და არ იცრებოდა, იმათ დაიწყეს აცრა, ვისაც არ უნდოდა, მაინც არ იცრება. ერთმანეთი ხომ არ უნდა დავჭამოთ? ვერასდროს აიძულებ, ადამიანს გააკეთოს ის, რაც არ უნდა. ნებისმიერი ასეთი იძულება, სიკეთის მომტანი არ არის",- განაცხადა მეუფე იაკობმა.