ბოლო 72 საათში შრომის ინსპექციამ 5 ობიექტი დალუქა, 6 კი დააჯარიმა

შრომის ინსპექციის სამსახურის ცნობით, კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის, ბოლო 72 საათის განმავლობაში 5 ობიექტი დაილუქა და 6 დაჯარიმდა.

ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა და დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი, მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი.

,,5 დალუქული და 6 დაჯარიმებული ობიექტი - ეს კოვიდრეგულაციების დარღვევისთვის სანქცირების ბოლო 72 საათის სტატისტიკაა. შრომის ინსპექციის სამსახურმა ზომები ბიზნეს ობიექტებზე დაფიქსირებული ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული რეკომენდაციების კრიტიკული შეუსაბამობების გამო მიიღო.

ერთ ობიექტთან მიმართებით შრომის ინსპექციამ პრევენციული დალუქვის მექანიზმი გამოიყენა. კერძოდ, ბარი ღონისძიების გამართვამდე, დაგეგმილი გასართობი აქტივობის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე დალუქა. მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილ დარღვევებს შორის კვლავ სოციალური და ფართომასშტაბიანი გასართობი ღონისძიებები ჭარბობს. დაჯარიმებულთაგან 5 იურიდიული და 1 ფიზიკური პირია. ორი კვირის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით, რეგულაციების დარღვევისთვის 20-ზე მეტი ობიექტი დაილუქა.

დაჯარიმდა 46 ბიზნეს ოპერატორი. მათ შორის 29 იურიდიული და 17 ფიზიკური პირი. შრომის ინსპექციის სამსახური დაწესებული შეზღუდვების აღსრულებაზე ზედამხედველობას მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს. პროცესში ინსპექციასთან ერთად, შემოსავლების, სურსათის უვნებლობის, ადგილობრივი მუნიციპალური საზედამხედველო სამსახურები, ასევე, მუნიციპალური ინსპექცია, შსს-ს კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა ჩართული", - აღნიშნულია ინსპექციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 669 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი, 76 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.