COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრებით სინგაპური მსოფლიოში პირველ ადგილზეა, სადაც ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 80%-ზე მეტი აიცრა.
როგორც მედია წერს, პატარა ქალაქი-სახელმწიფო, სადაც 5.7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსულ ინფექციასთან დაკაშირებული შეზღუდვების მოხსნას გეგმავს.
მიმდინარე წლის ნოემბრისთვის მოსახლეობის სრულად აცრას გეგმავს იაპონია. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამედიცინო სფეროს თანამშრომლებისთვის და ხანდაზმულებისთვის ე.წ. გამაძლიერებელი დოზები მომავალი წლის დასაწყისიდან იქნება გათვალისწინებული.
„დელტა“ ვარიანტის შეჩერების მიზნით, ავსტრალიის ქალაქ მელბურნში შემზღუდველი ზომების მოქმედება გახანგრძლივდა. ავსტრალიაში კოვიდ აფეთქების ეპიცენტრად ახალი სამხრეთ უელსის შტატია გამოცხადებული. COVID 19-ის გავრცელებასთან დაკავშირებით, ახალი ზელანდიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ეპიდემიის მართვაში ქვეყანას შესაძლოა, რამდენიმე ცვლილების შეტანა დასჭირდეს.
COVID 19-ით ინფიცირების 8 416 ახალი შემთხვევა გამოვლინდა გერმანიაში, სადაც ბოლო ერთ დღეში ვირუსს 12 ადამიანი ემსხვერპლა. მანამდე, გერმანიაში დემონსტრანტებმა „კოვიდ-19“-თან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკა გააპროტესტეს.
„დელტა“ ვარიანტის გავრცელების გამო, აშშ-ის საავადმყოფოები გადატვირთულია. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID 19 247 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, 2 700 ადამიანი კი გარდაიცვალა.