ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული,- ამის შესახებ დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ვაქცინაცია აგვისტოში საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს. გასაგებია, რომ უფრო მეტი გვინდა, მაგრამ ივლისთან შედარებით ვაქცინაციის ტემპი დაახლოებით სამნახევარჯერ არის მომატებული. თვიური მაჩვენებელი არის 23 000 აცრა დღეში და ბოლო 1 კვირის განმავლობაში ყოველდღიური საშუალო მაჩვენებელი გახლავთ 26000-მდე. გვინდა, რომ იყოს 30-35 ათასი დღეში, 40-იც - იმიტომ რომ გამტარუნარიანობა ჩვენს ქვეყანას აქვს და ვაქცინების მარაგიც საკმარისია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 669 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი, 76 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.
Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20 678-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 145 925 აცრა ჩატარდა.
სრულად ვაქცინირებულია 374 870, ხოლო ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 771 055 შეადგენს.