ამირან გამყრელიძე ეპიდვითარებაზე: პიკს გადავდივართ და ალბათ დავეშვებით ქვემოთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნულის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების აქტიურ ფაზაში მოსახლეობა თუ არ მოერიდება სოციალურ ღონისძიებებს, შესაძლოა, საკოორდინაციო საბჭომ დამატებით შეზღუდვებზე იფიქროს. ამის შესახებ მან ,,კურიერთან" საუბრისას განაცხადა.

"ეპიდსიტუაცია საკმაოდ რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნიშანია, ჩვენ ეს მეოთხე ტალღა გადავიარეთ, მაგრამ ჩვენ არავითარ თვითდამშვიდებას არ უნდა მივეცეთ. ანუ, მოკლედ რომ გითხრათ, პიკს გადავდივართ და ალბათ უკვე დავეშვებით თანდათან ქვემოთ, თუ რამე სერიოზული ბუსტერი არ გაჩნდა ქვეყანაში.

თითოეულმა ჩვენგანმა გავითავისოთ, რომ სერიოზული მდგომარეობაა და ყველამ ვატაროთ ყველგან პირბადე. ამდენს ვსაუბრობთ რომ გვქონდა 50% და იყოს 75%, და კიდევ უფრო მეტი, პირიქით, უფრო უგულებელვყოფთ ამ ყველაზე ძლიერ დამცველ საშუალებას და 50%-ს დაბლა ჩამოდის პირბადის ტარების მაჩვენებელი,"-აცხადებს გამყრელიძე.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 2 669 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 6 177 პაციენტი, 76 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ს მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 20 678-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 1 145 925 აცრა ჩატარდა.

სრულად ვაქცინირებულია 374 870, ხოლო ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 771 055 შეადგენს.