WHO-მ და Unicef-მა როგორც სკოლების გახსნის, ასევე, 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებულების აცრის რეკომენდაცია გასცეს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი სკოლების გახსნისა და 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებული ბავშვების აცრის რეკომენდაციას გასცემენ. ამის შესახებ Unicef-ის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული.

საუბარია ბავშვებზე, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის მძიმე ფორმით დაავადების რისკს.

როგორც ტექსტშია აღნიშნული, მაშინ, როცა ევროპის რეგიონში, სადაც ფართოდაა გავრცელებული კორონავირუსის დელტა შტამი, მილიონობით სკოლის მოსწავლე სკოლებს უბრუნდება, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისი და გაეროს ბავშვთა ფონდის ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონალური ოფისი სკოლებს მოუწოდებენ, გაიხსნან და შექმნან უსაფრთხო გარემო ვირუსის გავრცელების მინიმიზაციისთვის საჭირო ზომების მიღებით.

მისი მიხედვით, ზომები მოიცავს ვაქცინაციის ეროვნულ გეგმებში, სამიზნე ჯგუფებს შორის მასწავლებლებისა და სკოლის სხვა პერსონალის ჩართვას და მათ ვაქცინაციას მოსახლეობის სხვა დაუცველ ჯგუფებთან ერთად. ამის გარდა, უნდა აიცრან 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებული ბავშვები, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის მძიმე ფორმით დაავადების რისკს. ასევე მნიშვნელოვანია სასკოლო გარემოს გაუმჯობესება საკლასო ოთახების უკეთესი განიავების, საჭიროებისამებრ ბავშვების მცირე კლასებად დაყოფის, ფიზიკური დისტანცირების უზრუნველყოფისა და და ბავშვებისა და პერსონალის რეგულარული ტესტირების მეშვეობით.

„პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში“, - აცხადებს ჰანს ჰენტრი კლუგე.

„პანდემიამ გამოიწვია საგანმანათლებლო პროცესის კატასტროფული შეფერხება, რომელიც ისტორიას არ ახსოვს. შესაბამისად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროპის რეგიონში შეუფერხებლად გაგრძელდეს სწავლება საკლასო ოთახებში. ბავშვთა განათლების, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სოციალური უნარებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, სკოლებმა ხელი შეუწყონ ბავშვებს, ბედნიერები და საზოგადოების პროდუქტიული წევრები იყვნენ“, - განმარტა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის დირექტორმა.

მისივე თქმით, გარკვეული პერიოდის შემდეგ პანდემია დავიწყებას მიეცემა, თუმცა მანამდე ჩვენი მთავარი ამოცანა ბავშვებისთვის სკოლის შენობაში, უსაფრთხო გარემოში განათლების მიცემა უნდა იყოს.

„არ უნდა წავართვათ შესაძლებლობები, რომლებსაც იმსახურებენ. ყველა ქვეყანას მოვუწოდებთ, სკოლები არ დაკეტონ, ხოლო ყველა სკოლას მოვუწოდებთ, აამოქმედონ კორონავისურისა და მისი სხვადასხვა ვარიანტის გავრცელების რისკის შესამცირებლად საჭირო ზომები“, - აღნიშნავს კლუგე.

მისივე განცხადებით, სწრაფად გავრცელებადმა „დელტა“ ვარიანტმა წლევანდელ სასწავლო სეზონს ახალი გამოწვევები გაუჩინა. საზოგადოებაში კორონავირუსის შემთხვევების მატება სკოლაში მისი გავრცელების ალბათობასაც ზრდის. შესაბამისად, ყველამ თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ვირუსის გავრცელების შემცირებაში.

„არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ COVID19-ის საწინააღმდეგო სრული ვაქცინაცია მნიშვნელოვნად ამცირებს მწვავე დაავადებისა და სიკვდილის რისკებს. ამიტომაც როცა ვაქცინაციისკენ მოუწოდებენ, ყველა უნდა აიცრას და ჩაიტაროს ვაქცინაციის სრული კურსი.

„ვაქცინაცია ვირუსისგან ჩვენი დაცვის საუკეთესო საშუალებაა. პანდემიის დასასრულებლად სწრაფად და თანაბრად უნდა გავზარდოთ ვაქცინაციის მასშტაბი ყველა ქვეყანაში. ეს გულისხმობს მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის წარმოების მხარდაჭერას, ვაქცინის დოზების გაზიარებას და მოსახლეობის ყველაზე დაუცველი ჯგუფების დახმარებას. ასევე უნდა გავაგრძელოთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის აპრობირებული ზომების გატარება, როგორიცაა ტესტირება, იდენტიფიცირება, მიკვლევა, იზოლირება და კარანტინში მოთავსება“, - აღნიშნა ჰანს კლუგემ.

ცნობისთვის, საქართველოში სწავლა სავარაუდოდ, დისტანციურად დაიწყება.