იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, საარჩევნო პროცესში შეუფერხებლად მონაწილეობისთვის პირადობის დამადასტურებელი მოწმობები 1 თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრელებს.
უწყების ცნობით, აქცია 1-ლი სექტემბერიდან ამოქმედდება.
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისგან გათავისუფლდებიან:
მოქალაქეები, რომელთა 2021 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ყველა დოკუმენტს (მათ შორის, სამსახურებრივ პასპორტს), მოქმედების ვადა ამოეწურება და მათ სახელზე არ დაფიქსირდება იურიდიული ძალის მქონე საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი (მათ შორის, სამსახურებრივი პასპორტი);
საქართველოს ის სრულწლოვანი მოქალაქეები, რომელთა სახელზეც ამ დრომდე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი არც ერთი დოკუმენტი;
მოქალაქეები, რომელთა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფოტოსურათები გამოუსადეგარია (უხარისხოა), ან არ ინახება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში.
გარდა ამისა, პირობის მოწმობას უფასოდ აიღებენ:
რეგისტრაციიდან მოხსნილი პირები, თუ ისინი დარეგისტრირდებიან კორექტულ მისამართზე;
მისამართის გარეშე რეგისტრირებული მოქალაქეები, თუ ისინი გაივლიან რეგისტრაციას კორექტულ მისამართზე;
მოქალაქეები, რომელთაც არ აქვთ იურიდიული ძალის მქონე არც ერთი დოკუმენტი;
ის პირები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არ ფლობენ იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსს;
ამასთან, გაუქმებული აქვთ პირადობის მოწმობა.
დოკუმენტის გაცემისას მოქალაქეები გათავისუფლდებიან როგორც პირადობის მოწმობის, ისე ფოტოსურათის გადაღების საფასურისგან. აქციით სარგებლობა პირს მხოლოდ ერთხელ შეუძლია.
"აქციით სარგებლობის მსურველებმა იუსტიციის სახლებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებს ან საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა მიმართონ. დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცხელ ხაზზე: 32 2 40 10 10" ,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.