6 წლის ბავშვის გარდაცვალებაზე ციციშვილის კლინიკაში კომენტარი გააკეთეს

ციციშვილის სახელობის კლინიკის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის განცხადებით, კოვიდინფიცირებით გარდაცვლილი 6 წლის ბავშვი კლინიკაში 27 აგვისტოს შეიყვანეს და მისი მდგომარეობა შეყვანისთანავე უკიდურესად მძიმე იყო.

როგორც ჩხაიძემ ,,ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, ბავშვს ჰქონდა მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, რომლის ფონზეც კოვიდინფექცია ძალიან მძიმედ წარიმართა.

,,პაციენტი ჩვენთან კლინიკაში შემოვიდა პარასკევს. შემოსვლისთანავე მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. მას განუვითარდა ბინის პირობებში გულყრა, რომლის კუპირებაც ვერ მოხდა და პრაქტიკულად, ჩვენთან შემოსვლისთანავე დაინტუბირდა. მას ესაჭიროებოდა მართვითი სუნთქვა.

ბავშვს ჰქონდა მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, რომლის ფონზეც კოვიდინფექცია ძალიან მძიმედ წარიმართა. ეს იყო ბავშვთა ცერებრული დამბლა, ფსიქომოტორული სფეროს მკვეთრი ჩამორჩენა, ეპილეფსიური სინდრომი და კოვიდინფექციის ფონზე წავიდა პოლიორგანული უკმარისობა. განვითარდა სეპტიური შოკი და დღეს პაციენტი გარდაიცვალა", - განაცხადა ჩხაიძემ.

ცნობისთვის, თბილისში, ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1 915 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 929 პაციენტი, 78 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.