"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პოლიტიკური პლატფორმა "მესამე ძალა" ოფიციალურად წარადგინა.
"მესამე ძალა" სხვადასხვა პარტიასა და ცალკეულ პოლიტიკურ სუბიექტებს აერთიანებს.
"მესამე ძალაში" ერთიანდებიან რესპუბლიკელები, თავისუფალი დემოკრატები, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, რეზო კემულარია, ვახტანგ იაშვილი, ოთარ ბაღათურია, პაატა ჩიქოვანი, სერგო ჩიხლაძე, თეონა აქუბარდია, პაატა მანჯგალაძე, დავით ცეკვავა, თეონა ჭალიძე.
"მანამ სანამ ქვეყანაში არსებობს ორი პოლიტიკური პოლუსი, ამ ქვეყანას მომავალი არ აქვს და ეს გვაჩვენა 2012 წლიდან მოყოლებული, ყველა არჩევნებმა და სწორედ ამიტომ ჩამოვაყალიბეთ მესამე ძალა. მესამე ძალა არის რწმენა, რომ ამ ქვეყანას შეუძლია მეტი, ჩვენ შეგვიძლია მეტი..." განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
როგორც ცნობილია, "სტრატეგია აღმაშენებელი" 2021 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში "მესამე ძალის" სახელით მიიღებს მონაწილეობას ისე, რომ პარტია სახელს არ შეიცვლის.
როგორც გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, რამდენიმე რამე სასწრაფოდ არის გასაკეთებელი.
"პირველი - პოლიტიკური შეთანხმება, რაც ჩვენმა მოკავშირეებმა ბალტიის რესპუბლიკებმა, სამწუხაროდ, ვისაც ჩვენზე გაცილებით მეტი ჭკუა და გამოცდილება აღმოაჩნდა, 90-იანი წლების დასაწყისში გააკეთეს. მეორე - ნული სიურპრიზები საგარეო პოლიტიკაში. და საერთოდ, ჩვენ მოკავშირეებზე ნუ ლაპარაკობენ ის ადამიანები, ვისაც ეს ან არ ხელეწიფება, ან მათი საქმე არ არის, ან განათლება და ჭკუა არ ჰყოფნით იმისთვის, რომ თავისი ნათქვამის შედეგი განსაზღვროს.
ეკონომიკური განვითარება სახელმწიფოსი - ჩვენ თუ საქართველოს მოქალაქე სიღარიბისგან და სიდუხჭირისგან გაგვექცა საზღვარგარეთ, აღარც ნატო დაგვჭირდება და აღარც ევროპის კავშირი, შეიძლება, ეს სახელმწიფოც დავკარგოთ. აუცილებელია აბსოლუტურად მთელი ყურადღების გადატანა ბავშვებზე და ქალებზე, რადგან ჩვენი დემოგრაფიული კატასტროფის ერთადერთი საშველი ეს არის. ჯანდაცვის პრიორიტეტი უნდა იყოს ბავშვები და ქალის ჯანმრთელობა.
ერთი პოლიტიკური გუნდი ჩარჩენილია წარსულში, მეორე პოლიტიკური გუნდი წარსულის შეცდომებზე ვერ სწავლობს - ჩვენ თუ ეს გავაგრძელეთ, დავკარგავთ სახელმწიფოს და ისტორია მეტ შანსს არ მოგვცემს", - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.