ისრაელის ავიაკომპანიები თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს აღადგენენ

ერთთვიანი პაუზის შემდეგ, ისრაელის ავიაკომპანიები - Isr Air და Arkia - თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენებს აღადგენენ.

როგორც ცნობილია, ავიაკომპანია Arkia ფრენებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განაახლებს. თელ-ავივი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული რეისები 5, 9 ,12, 15, 19, 21, 23, 26, 28 სექტემბერს Airbus 321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

3 ოქტომბრიდან, ავიაკომპანია Arkia რეგულარულ ფრენებს ოქტომბრის ბოლომდე, კვირაში ორი სიხშირით - ყოველ კვირასა და ხუთშაბათს შეასრულებს.

რაც შეეხება ავიაკომპანია Isr Air-ს, ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაახლებს ფრენებს.

თელ-ავივი-თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისები 14,19,23, და 30 სექტემბერს Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

ცნობისთვის, ისრაელის ავიაკომპანიებმა ფრენები თბილისსა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში ივლისის ბოლოს, ისრაელის მთავრობის მიერ საქართველოს "წითელი" ქვეყნების სიაში შეყვანის საფუძველზე შეაჩერეს. აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანამ 24 აგვისტოს შეცვალა და საქართველო წითელი ქვეყნების ჯგუფიდან "ნარინჯისფერ" ქვეყნებში გადაიყვანა.