საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა , - ამის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში გამართულ ბრიფინგზე, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჟულიენ კრამპმა განაცხადა.
,,საქართველოს მთავრობამ ევროკავშირს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, თავი შეეკავებინა 75 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დამხარებისგან, ეს თანხა 2021 წლის 30 სექტემბრამდე უნდა გადმორიცხულიყო იმ შემთხვევაში, თუკი საქართველო შეასრულებდა ორმხრივად შეთანხმებულ ვალდებულებებს, რომელიც მან 2020 წლის სექტემბერში მაკროფინანსური დახმარების პროგრამის პირობების ხელმოწერისას აიღო.
150 მილიონი ევროს ოდენობის მაკროფინანსური დახმარება, რომლის ნახევარი უკვე გადმორიცხულია, მიზნად ისახავდა საქართველოს მოსახლეობის დახმარებას კოვიდპანდემიასთან გამკლავებაში. ეს თანხები საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა.
ევროკავშირი ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის დასაბუთებას გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების დარჩენილი ნაწილი.
პატივს ვცემთ რა, სქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამავე დროს უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა და კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი.
განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის. შერჩევის პროცესში არ იყო გარანტირებული თანაბარი პირობები კანდიდატებისთვის, ასევე, არ იყო მიღებული კიდევ რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც მიზნად ისახავდა სასამართლო სისტემის გამჭვირვალობის გაზრდას.
მაკროფინანსური დამხარების პირობები მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით ასევე იყო იმ ვალდებულებებს შორის, რომელიც საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა 2020 წლის 19 აპრილს ევროკავშირის მედიაციით ხელმოწერილი შეთანხმებით აიღეს.
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები, მათ შორის, მართლმსაჯულების სფეროში საქართველოს მოქალაქეების ინტერესების შესაბამისად და ევროკავშირი-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებისთვის. ევროკავშირი გააგრძელებს სიტუაციაზე ყურადღებით დაკვირვებას.
ევროკავშირი ხაზგასმით აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ის სრულად მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს რეფორმებს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესაბამისად ევროკავშირის დახმარება სრულად დამოკიდებული იქნება ძირითადი რეფორმების განხორციელებით მიღწეულ წინსვლაზე", - განაცხადეს ბრიფინგზე.
ცნობისთვის, ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს
ამავე თემაზე:
ირაკლი კობახიძე: ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს