ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აკვირდება COVID 19-ის ახალ ვარიანტს, რომელსაც ბერძნული ანბანის მე-12 ასოს მიხედვით „მიუ“ ეწოდა.
გაერო-ს ორგანიზაციის პანდემიის ყოველკვირეული ბიულეტინის მიხედვით, „მიუ“ მეცნიერულად ცნობილია როგორც B.1.621 და კლასიფიცირებულია, როგორც „ინტერესის ვარიანტი.“
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ახალ ვარიანტს აქვს მუტაციები, რომლებიც ავლენენ COVID 19-ის ვაქცინებისადმი წინააღმდეგობის გაწევის რისკს და მისი უკეთ შესასწავლად შემდგომი კვლევებია საჭირო.
COVID 19-ის გავრცელების შეჩერების მიზნით, აშშ-ის აიდაჰოს შტატში ეროვნული გვარდიის გამოძახება გახდა საჭირო. დამატებითი ძალები საავადმყოფოებს დაეხმარებიან, სადაც პაციენტების უმრავლესობა აუცრელია. აიდოაჰოს შტატში ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში 400 ადგილიდან ამ დროისთვის თავისუფალი მხოლოდ ოთხი საწოლია.
„კოვიდ 19“-ის გავრცელება შეინიშნება ავსტრალიის შტატ ვიქტორიაში, სადაც აგვისტოს დასაწყისიდან შემზღუდველი ზომები მოქმედებს.