დავით ზალკალიანი სერგეი ლავროვის განცხადებაზე: რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა სურს საქართველოსაც, მაგრამ არა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯზე

,,ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ნორმალიზაციის პროცესი გადის დეოკუპაციაზე", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა და ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას.

ზალკალიანის თქმით, ურთიერთობების აღდგენა საქართველოსაც სურს, თუმცა არა ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯზე.

მისივე განცხადებით, საქართველო მზადაა წაიყვანოს სიტუაცია დეესკალაციისაკენ, მაგრამ არა სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე.

,,ჩვენ ძალიან ძალიან ხშირად ვისმენთ განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მათ სურვილს, რომ თუნდაც საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა, მათ უყვართ საქართველო და ა.შ.

ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა ძალიან მკაფიოდ, ყველას გასაგონად ვთქვა, რომ გვესმის ეს ყველაფერი და ურთიერთობის აღდგენა უნდა საქართველოსაც, მაგრამ არა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის ხარჯზე.

ჩვენ ქვეყნებს შორის პოლიტიკური ნორმალიზაციის პროცესი გადის დეოკუპაციაზე. აღიარებული ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების აღიარების უკან წაღებაზე, საერთაშორისო სამართლის ნორმების პრინციპის დაცვაზე და ფუნდამენტური საერთაშორისო სამართლის ისეთი ნორმის პატივისცემაზე, რაც არის საერთაშორისო საზღვრებში ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღიარება და პატივისცემა.

ეს არის ის, რასაც რუსეთის ფედერაციის მხრიდან ველით. ურთიერთობის აღდგენის წინააღმდეგი არავინ არ არის, ჩვენ 2012 წლის შემდეგ ძალიან ბევრი პოზიტიური გზავნილი გავაგზავნეთ რუსეთის ფედერაციის მიმართ, რომ ჩვენ გვინდა სიტუაციის დეესკალაცია და მათ შორის ხალხთაშორის ურთიერთობის კუთხით, ტურიზმის აღდგენის კუთხით, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენის კუთხით, მაგრამ ჩვენ რეალური ნაბიჯები უნდა დავინახოთ მათი მხრიდან, რადგან ოკუპაცია ეს არის შედეგი სწორედ იმ აგრესიული პოლიტიკისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და იმ შედეგების, რაც სამწუხაროდ ამ ჩვენი პოზიტიური სიგნალების ფონზე უკან გვიბრუნდება ბორდერიზაციით, უკანონო დაკავებებითა და ა.შ.

მზად ვართ, სიტუაცია წავიყვანოთ დეესკალაციისაკენ, მაგრამ არა ჩვენი სახელმწიფო ინტერესების ხარჯზე. მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო ნორმებისა და პრინციპების აღიარების საფუძველზე.

საზოგადოებამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური კურსი არის შეუქცევადი. ეს არის წითელი ხაზი. ეს არის ჩვენი საზოგადოების არჩევანი, ჩვენი ცივილიზებული არჩევანი და ამ კურსიდან ჩვენ ხელისუფლება არასოდეს გადაუხვევს. ამის საფუძველი არის სწორედ ის ჩანაწერი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციაშია, საქართველოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგია, როგორც მაღალი ლეგიტიმაციის დოკუმენტი დამტკიცებულია, პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციები საგარეო პოლიტიკის კურსთან დაკავშირებით და ეს არის რასაც ჩვენ ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას ხდის შეუქცევადს", - განაცხადა ზალკალიანმა ,,ქრონიკის" ეთერში.

ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა საქართველოსთან ურთიერთობების აღსადგენად.