კახა კალაძე: შევხვდი გახარიას, მან მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატობას, ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო

თბილის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ყოფილ პრემიერს და პარტია "საქართველოსთვის" ლიდერს შეხვდა.

კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ აუდიენცია მერიაში შედგა.

"შეხვედრა შედგა გიორგი გახარიასთან. შეხვედრა იყო რამდენჯერმე. იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი, თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავის კანდიდატურის დაყენებას, ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით.

თბილისი და თბილისელები ყველას და ყველაფერს დაარქმევენ თავის სახელს, დაველოდოთ 2 ოქტომბერს..

მე კანდიდატებს არ ვაფასებ... პირველივე ტურში დავამთავრებთ არჩევნებს, პირველივე ტურში გავიმარჯვებთ და ამ მხარდაჭერას დავაბრუნებ კონკრეტული გაკეთებული საქმეებით, რომლითაც თითოეული თბილისელი იამაყებს", - განაცხადა კახა კალაძემ.

თავის მხრივ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის განცხადებით, "იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით ფინანსურ თემაზე.

"იყო პირდაპირი მინიშნებები იმასთან დაკავშირებით, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, გიორგი გახარია თავის კანდიდატურას მერის პოსტზე არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მათ, ბუნებრივია, მიიღეს.

ამის შემდგომ მისწერა არაერთგზის. გახარია ურეკავდა კახა კალაძეს გუშინდელი დღის განმავლობაში და წერდა თუ დაუკავშირდა, რომ სადაც უნდა, იქ შეხვდებოდა. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვქონდა კონსულტაციები და დღეს შედგა ასეთი შეხვედრა გახარიასა და კახა კალაძეს შორის. ერთადერთი თემა საუბრის იყო ის, რომ გახარია აპირებდა კანდიდატურის დაყენებას და არ უნდოდა, რომ კახა კალაძეს ეს ტელევიზიით გაეგო, რაზეც კახა კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის ეს არ იყო საინტერესო და ყველა შემთხვევაში მოიგებდა არჩევნებს პირველ ტურში".

გიორგი გახარია ტყუილს უწოდებს ინფორმაციას, რომ შუამავლის საშუალებით მერობის კანდიდატობაზე უარის თქმის შემთხვევაში "ფინანსური მხარდაჭერა" მოითხოვა

"ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ოპონენტების დისკრედიტაცია მოახდინონ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.