კვლევა: კოვიდვაქცინა დაავადების ხანგრძლივობის რისკს მნიშვნელოვნად ამცირებს

ლონდონის King's College-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად, ორჯერ აცრა არა მხოლოდ კორონავირუსით დაინფიცირებისგან იცავს ადამიანს, არამედ, დაინფიცირების შემთხვევაში, დაავადების ხანგრძლივობის რისკს, არავაქცინირებულებთან შედარებით, 50%-ით ამცირებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

როგორც BBC წერს, ბევრი ადამიანი, ვინც ინფიცირდება კორონავირუსით, ოთხი კვირის განმავლობაში გამოჯანმრთელდება, მაგრამ ზოგიერთ მათგანს აქვს სიმპტომები, რომლებიც რამდენიმე კვირა, ან თვე გრძელდება, ეს ფაქცი ცნობილია, როგორც "ხანგრძლივი კორონავირუსი".

მკვლევარები, რომელთა ნაშრომი გამოქვეყნდა The Lancet Infectious Diseases-ში, ამბობენ, აშკარაა, რომ ვაქცინაცია გადაარჩენს სიცოცხლეს და ხელს უშლის სერიოზულ დაავადებების წარმოქმნას, მაგრამ ვაქცინების გავლენა გრძელვადიანი დაავადებების განვითარებაზე ნაკლებად იყო გარკვეული.

კვლევის ფარგლებში მეცნიერები 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის ივლისის ჩათვლით ათასობით არავაქცინირებული და ვაქცინირებული ზრდასრული ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ.

ისინი აკვირდებოდნენ 1.2 მილიონზე მეტ ზრდასრულ ადამიანს, რომლებმაც გაიკეთეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა და 971 504 ადამიანს, რომელმაც ვაქცინის ორი დოზა გაკეთა.

მათი მტკიცებით, ვაქცინის ორი დოზით აცრილების მხოლოდ 0.2% -მა (2,370 შემთხვევა) განაცხადა, რომ ვაქცინაციის შემდეგ დაინფიცირდნენ.

ამასთან, კვლევის ფარგლებში განაგრძეს დაკვირვება 592 სრულად ვაქცინირებულ პირზე, რომელიც დაინფიცირდა და აღმოჩნდა, რომ ხანგრძლივი კოვიდი (როდესაც დაავადება კოვიდტესტის დადებითი პასუხის მიღებიდან 28 დღის ან მეტი დროის განმავლობაში გრძელდება) 31-ს ანუ 5%-ს განუვითარდა.

კვლევის თანახმად, არავაქცინირებულთა ჯგუფში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 11% იყო.

ცნობისათვის, გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზა დღემდე 42.9 მილიონამდე ადამიანს აქვს გაკეთებული.