Reuters-ი: დღეს "თალიბანი" ახალ მთავრობას წარადგენს

დღეს "თალიბანი" ახალ მთავრობას წარადგენს. ამის შესახებ საინფორმაციო Reuters-ი ავრცელებს.

"თალიბანის" ოფიციალური წარმომადგენლის, აჰმადულა მუთაქის განცხადებით, ახალი მთავრობის გამოცხადების ცერემონია ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეში იგეგმება.

როგორც Reuters-ი წერს, ახალი მთავრობის ლეგიტიმურობა საერთაშორისო დონორებისა და ინვესტორების თვალში გადამწყვეტი იქნება ეკონომიკისთვის, რადგან ქვეყანა ებრძვის გვალვას და კონფლიქტს, რამაც დაახლოებით 240,000 ავღანელის სიცოცხლე შეიწირა.

გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი საბჭოს ხელმძღვანელად სავარაუდოდ ისლამისტური მოძრაობის ლიდერი ჰაიბატულა ახუნძადა დასახელდება, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი დაექვემდებარება. ამის შესახებ Reuters-ს თალიბანის მაღალჩინოსანმა, ოფიციალურმა პირმა განუცხადა გასულ თვეს.

"თალიბანის" უმაღლეს ლიდერს სამი მოადგილე ჰყავს: მავლავი იაქუბი, მოძრაობის დამფუძნებლის მოლა ომარის ვაჟი, სირაჯუდინ ჰაქანი და აბდულ ღანი ბარადარი.

მოძრაობის ლიდერები აცხადებენ, რომ მათი მმართველობა ზომიერი იქნება და საერთაშორისო საზოგადოებას ადამიანის უფლებების დაცვას ჰპირდებიან.