"რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე"

"რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე" - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ჟურნალისტებთან კორონავირუსის ეპიდვითარებაზე საუბრისას განაცხადა.

ბუწაშვილი მიიჩნევს, რომ თუ ყველა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი სტაციონარში განთავსდება, ამას ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს, ამიტომ სტაციონარში მხოლოდ გართულებული და კრიტიკული პაციენტები უნდა გადავიდნენ.

„საბედნიეროდ, შემთხვევათა უმეტესობა უსიმპტომოა, ან მსუბუქი. დღეს სტაციონარში წვება ყველა, ვისაც არ აქვს სიმპტომები. აჭარაში, როგორც ვიცი, გარკვეული პრობლემებია, ჰოსპიტლები გადაჭედილია. რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადავიდეთ ბინაზე მოვლის მეთოდზე, როგორც არის ეს მსოფლიოს უმრავლეს ქვეყანაში. ამის პროტოკოლი არსებობს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ დაამტკიცა. მთავარია, დროულად შევიდეს ძალაში. ყველა უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტი თუ ისევ მოთავსდება სტაციონარში, ამას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს. ამის საჭიროებაც არ არის. სხვა რესპირაციული დაავადებების დროსაც შეიძლება ბინაზე დარჩეს პაციენტი, განსაკუთრებით ის, ვისაც აქვს საშუალება იზოლირებული იყოს. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ადამიანი უნდა მივატოვოთ ბინაზე, იმიტომ რომ კორონავირუსის თავისებურება არის ის, რომ თავიდან ,შესაძლოა, მსუბუქად ან უსიმპტომოდ იწყებოდეს, შემდეგ კი უცებ გართულდეს. ამის რისკი არსებობს. ოჯახის ექიმები გადამზადებულები არიან იმისთვის, რომ პერიოდულად დისტანციურად შეაფასონ მდგომარეობა, ხომ არ არის აუცილებელი დამატებითი გამოკვლევა. ამ მოდელზე უნდა გადავიდეთ, რაც შეიძლება, სწრაფად. მხოლოდ გართულებული და კრიტიკული პაციენტები უნდა მოხვდნენ სტაციონარებში. ასეთების პროცენტული წილი 20%-ს არ აღემატება“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.

მიმდინარე სტატისტიკა: კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა - 3119;

გამოჯანმრთელებული - 1435;

გარდაცვლილი - 19;

კარანტინის რეჟიმში - 5014;

სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836;

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41;