"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიამ და და პარტიის წევრებმა შარლ მიშელის ინიციატივით მომზადებულ, პოლიტიკური შეთანხმების დოკუმენტს ხელი მოაწერეს.
ამ მიზნით ნიკა მელია და პარტიის წევრები ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში იმყოფებოდნენ.
"ძალაუფლების შენარჩუნების პრიმატით მიდიოდნენ ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, რაც რუსეთის ორბიტაზე საქართველოს პირდაპირი მოქცევის გზა იყო. ამიტომ, ჩვენი ამ ნაბიჯით შეიძლება ითქვას, რომ ახალი სიცოცხლე მივეცით შარლ მიშელის შეთახნმებას", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
"ნაციონალური მოძრაობის" მიერ შეთანხმების ხელმოწერის ფაქტს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი.
მისი თქმით, ეს "კარგის ნიშანია".
"ჩვენ მივესალმებით "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას ხელი მოაწეროს ამ დოკუმენტს. ჩვენ მოვუწოდებდით მათ ხელის მოწერისკენ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ასე რომ, ეს კარგის ნიშანია, რამდენადაც, დოკუმენტი წარმოადგენს გეგმას იმ მნიშვნელოვანი რეფორმების შესრულებისა, რომელიც ქვეყანას სჭირდება.
ეს ის ნაბიჯები და რეფორმებია, რომელიც საქართველოს ლიდერებმა შეიმუშავეს. ისინი არ იყო თავს მოხვეული აშშ-სა და ევროკავშირისგან, არამედ შემუშავებული იყო საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს შორის მოლაპარაკებების გზით. შესაბამისად, კარგის ნიშანია, რომ ამდენმა პარტიამ მოაწერა ხელი ამ რეფორმების დანერგვას, რომელიც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს გაძლიერებისთვის. ეს იმგვარი რეფორმებია, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს ეკონომიკის გაძლიერებას, გააუმჯობესოს ელექტორალური პროცესი და ეხება ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს"- აცხადებს კელი დეგნანი.
"ნაცმოძრაობის" მიერ შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი დოკუმენტზე ხელმოწერას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი შალვა პაპუაშვილიც გამოეხმაურა.
"ერთადერთი რისი ნიშანიც და დასტურიცაა "ნაციონალური მოძრაობის" ხელმოწერა არის ის, რომ ოპოზიციამ დეპოლარიზაციისკენ მიმართული მიშელის დოკუმენტი დამატებითი პოლარიზაციისა და რადიკალიზაციის ინსტრუმენტად აქცია და კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მისი ანულირება ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო", - წერს პაპუაშვილი.
ცნობისთვის, ნაციონალურმა მოძრაობამ" 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერის გადაწყვეტილების შესახებ გუშინ განაცხადა.
ექსპერტები ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან მმართველი პარტიის გასვლას აფასებენ
რას გულისხმობს 19 აპრილის შეთანხმება.