რას მოუტანს ქვეყანას მმართელი გუნდის მხრიდან, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებიდან გასვლა და როგორ აისახება ის ევროინტეგრაციის პროცესზე. გამომდინარე იქედანაც, რომ შეთანხმების შესრულების აუცილებლობა სხვა დოკუმენტებთან ერთად დაფიქსირდა NATO-ს სამიტის დასკვნით კომუნიკეში, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი, თენგიზ ფხალაძე აცხადებს, რომ ასეთი დონის შეთანხმების უგულვებელყოფა და გვერდზე გადადება თავისთავად ცხადია, რომ დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ამაზე მეტყველებს ის შეფასებებიც, რომლებიც უკვე მოვისმინეთ საერთაშორისო პარტნიორებისგან.
ჯეიმს აპატურაის განცხადებით: 19 აპრილის შეთანხმება განსაზღვრავს რეფორმების საუკეთესო გზას, რაც საქართველოს მოუტანს სარგებელს და ეხმარება, წინ წაიწიოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამიტომაც შეიტანა საქართველომ შეთანხმების განხორციელება თავის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში (Annual National Programme), რომელიც ეხმარება საქართველოს, მოემზადოს NATO-ში საბოლოო წევრობისთვის.
„ცხადია, რომ ეს კარგს არაფერს მოუტანს ქვეყანას, რადგან ეს არ არის რიგითი ფარატინა ქაღალდი, ეს არის ძალიან სერიოზული დოკუმენტი, რომლის უკან ევროკავშირი და პირადად, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი დგანან. ამიტომ, ასეთი დოკუმენტის იგნორება არაფრით არ შეიძლება. მის მნიშვნელობაზე ჩვენს პარტნიორებს არაერთხელ გაუსვამთ ხაზი, ეს არის დოკუმენტი, რომლის შესრულების აუცილებლობა სხვა დოკუმენტებთან ერთად დაფიქსირდა NATO-ს სამიტის დასკვნით კომუნიკეში.
ასე რომ, ასეთი დონის შეთანხმების უგულვებელყოფა და გვერდზე გადადება თავისთავად ცხადია, რომ დამაზიანებელია ქვეყნისთვის და ამაზე მეტყველებს ის შეფასებებიც, რომლებიც უკვე მოვისმინეთ“, - აღნიშნავს თენგიზ ფხალაძე Europetime-თან საუბრისას.
პოლიტიკის ინსტიტუტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი კორნელი კაკაჩია კი მიიჩნევს, რომ მთლიანობაში, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა და ქვეყანა კიდევ ერთხელ აღმოჩნდა გზაჯვარედინზე ბოლო 30 წლის განმავლობაში.
„ეს კონფრონტაციის გზა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ აირჩია, საერთაშორისო იზოლაციისკენ გზაა და პირველი გამოხმაურებებიც ამაზე მიუთითებს. მთალიანობაში ეს ხელს უშლის როგორც დემოკრატიულ განვითარებას, ასევე სტაბილურობას, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი იყო შარლ მიშელის შეთანხმების.
ამას შეიძლება, მოჰყვეს ძალიან სერიოზული გართულებები საქართველოს ხელისუფლებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის იქედან გამომდინარე, რომ შესაძლოა, ევროკავშირი პირდაპირ სანქციებზე არ გადავიდეს, მაგრამ პირობითობის პრინციპი, რომელზეც იყო საუბარი, შესაძლოა, აუცილებლად გამოიყენოს და მათ შორის შეაჩეროს ფინანსური და სხვა ტიპის დახმარებები, რომლებსაც საქართველოს წლების განმავლობაში უწევს.
თუ ასე მოხდა (როგორც ერთ დროს მოლდოვის შემთხვევავში), ეს ძალიან დიდ დარტყმას მიაყენებს ქვეყნის ეკონომიკას, რომელიც ისედაც მძიმე მდგომარეობაშია. ამას ემატება კოვიდპანდემია, რომელსაც ქვეყანა ვერ უმკლავდება. არჩევნებში დამარცხების და როგორც ხშირად ხდება ქართულ პოლიტიკაში, ქართული ვენდეტის შიში, იმდენად დიდია, რომ არც ევროკავშირს უწევენ ანგარიშს და აშშ-ს.
თუ გავითვალისწინებთ ამერიკის საელჩოს დღევანდელ განცხადებებს, არ არის გამორიცხული, პერსონალურ სანქციებზე იყოს ლაპარაკი, თუ „ქართულმა ოცნებამ“ ხისტ პოზიციებზე უარი არ თქვა. მცდელობა, როგორღაც, ქვეყნისთვის საფრთხედ წარმოაჩინონ მრავალპარტიული მმართველობა, მიუღებელია საზოგადოებისთვის, რადგან კოალიციური მმართველობა არა საფრთხე, არამედ ევროპის წამყვან ქვეყნებში სტაბილურობის და მედეგობის გარანტია.
ბუნებრივია, მარტივი არ არის ოპოზიციის რადიკალურ ინსტიქტებთან გამკლავება, მაგრამ ხელისუფლების ვალდებულებაა, მიაღწიონ ამ სტაბილურობას. ბოლო წლების განმავლობაში გადაწვეს ხიდები როგორც სამოქალაქო საზოგადოებასთან, ისე ოპოზიციასთან და ახლა უკვე მედიასთან. ამის ფონზე ჩანს, რომ ხელისუფლებაში დარჩენას ყველანაირად ცდილობენ, მათი თვითგადარჩენის ინსტიქტი უფრო ძლიერია, ვიდრე ევროკავშირის ან აშშ-ის სავარაუდო სანქციები“, - აღნიშნავს კორნელი კაკაჩია Europetime-თან ინტერვიუში.
ლუვენის უნივერსიტეტში პოლიტიკური პარტიების პროგრამის ხელმძღვანელი, ანალიტიკოსი თეონა ლავრელაშვილი Europetime-თან აღნიშნავს, რომ შეთანხმების ანულირება კიდევ უფრო ამძაფრებს პოლარიზაციას და უფრო მეტად რთული გახდება კონსენსუსის და თანამშრომლობის მიღწევა პარტიებს შორის.
„ალბათ, ორიგინალური არ ვიქნები თუ ვიტყვით, რომ შეთანხმების ანულირება კიდევ უფრო ამძაფრებს ჩვენი ქვეყნის პოლარიზაციას და უფრო მეტად რთული გახდება კონსენსუსის და თანამშრომლობის მიღწევა პარტიებს შორის. თუ დააკვირდით, შარლ მიშელის რეაქცია იყო კვლავ შემრიგებლური და არ იყო მიმართული მხოლოდ ერთი მხარის დადანაშაულებისკენ (აშშ-სგან განსხვავებით). მგონია, რომ ბრიუსელს კარგად აქვს გააზრებული, რომ ტანგოს ცეკვავს ორი, რომ თუკი შეთანხმებაა, ის უნდა შესრულდეს ყველა მხარის მხრიდან, მათ შორის ოპოზიციის მხრიდან“, - აცხადებს ანალიტიკოსი.
რა გავლენა ექნება მომხდარს პროდასავლურ კურსზე, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევრის, თენგიზ ფხალაძის დასკვნით, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული შეთანხმება ეხებოდა იმ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების შესრულებას, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს შექმნისათვის და ზოგადად, ქვეყანაში ევროპული პოლიტიკის კულტურის დამკვიდრებისათვის და თუ ქვეყანა ამას არ გაითვალისწინებს, ვერ იქნება საუბარი ინტეგრაციაზე იმ გუნდსა და ბლოკში, რომლებიც დასავლურ სტანდარტებს განსაზღვრავენ.
თენგიზ ფხალაძე: მოდით, განვსაზღვროთ, რა არის პროდასავლური კურსი. ეს არის ქვეყნის მშენებლობა დასავლური სტანდარტებით და რაც ახლა ჩვენთან ხდება, ეს არ არის დასავლური სტანდარტი. ეს დოკუმენტი ეხებოდა იმ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხების შესრულებას, რაც მნიშვნელოვანია დემოკრატიული, ევროპული სახელმწიფოს შექმნისათვის და ზოგადად, ქვეყანაში ევროპული პოლიტიკის კულტურის დამკვიდრებისათვის. ჩვენ თუ ამას არ გავაკეთებთ, რომელ ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეზეა ლაპარაკი.
თუ ჩვენ არ გვექნება ამ სტანდარტების სახელმწიფო ინსტიტუტები, სასამართლო და ზოგადად, ასეთი სტანდარტების პოლიტიკური ურთიერთობები, ვერანაირად ვერ ვილაპარაკებთ ინტეგრაციაზე იმ გუნდსა და ბლოკში, სადაც ეს ყველაფერი არის არამხოლოდ აუცილებელი, არამედ განსაზღვრული. ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია გადის შიდა რეფორმებსა და იმ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებაზე, რომლებიც პირველ რიგში ემსახურება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და არა პარტიულ კონიენქტურას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი პოლიტიკურ აქტორებთან მორიგ კონსულტაციებს აანონსებს.
შარლ მიშელმა და სალომე ზურაბიშვილმა არაფორმალური შეხვედრა გამართეს
კონსულტაციების განახლებაზე განცხადება ექსპერტებისთვის ცხადს ხდის, რომ შარლ მიშელს თავისი მისია დასრულებულად არ გამოუცხადებია.
თეონა ლავრელაშვილი: ვფიქრობ, ევროკავშირს აქვს კვლავ იმედი, რომ მოლაპარაკებებები იქნება შესაძლებელი და ამიტომ გადაწყდა კონსულტაციების გაგრძელება. როგორც ჩანს, შარლ მიშელს თავისი მისია არ გამოუცხადებია დასრულებულად. არ ვფიქრობ, რომ ევროკავშირის სანქციების დაწესებას ან რაიმე მსგავს ქმედებაზე იფიქრებს. ევროკაშირი შეეცდება, მისი „რბილი ძალა“ გამოიყენოს და მოლაპარაკებების და დარწმუნების გზით დაეხმაროს საქართველოს ჩიხიდან გამოსასვლელი გზის მოძიებაში. თუმცა ცხადია, რომ `Сonditionality` (პირობითობის) პრინციპი უფრო გაძლიერდება ევროკავშირთან ურთიერთობაში“, - განუცხადა თეონა ლავრელაშვილმა Europetime-ს.
თენგიზ ფხალაძე: ჩვენი პარტნიორებისა და შარლ მიშელის მხრიდან არის მცდელობა, რომ ეს პროცესი დასრულდეს კონსტრუქციულ ფარგლებში და არ გადაიზარდოს რადიკალიზმსა და იმ დაპირისპირებაში, რომლებიც ქვეყანას კიდევ უფრო დააზარალებს. რამდენად გავიგებთ ამას, გავითავისებთ და მივხვდებით, რომ არასწორი გზით მივდივართ და უნდა გადაიდგას ნაბიჯები, რომლებიც ქვეყანას მისცემს ნორმალური, დემოკრატიული ფუნქციონირების საშუალებას, ეს უკვე მეორე საკითხია. რაც უფრო მალე მივხვდებით ამას, უკეთესი იქნება.
ვის ეკისრება პასუხისმგებლობა შეთანხმების ჩაშლაზე, ევროპის საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკის ევროპული ცენტრის უფროსი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა იმით განსხვავდება სხვა ყველა დანარჩენის პასუხისმგებლობისგან, რომ აქ პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია.
თენგიზ ფხალაძე: ამაზე ნათლად იყო მინიშნებული ყველა განცხადებაში. შეიძლება, ყველას პასუხისმგებლობაზე ვილაპარაკოთ და ნებისმიერ პოლიტიკურ აქტორს თავისი პასუხისმგებლობა აქვს, მაგრამ ხელისუფლებაში ყოფნა იმით განსხვავდება სხვა ყველა დანარჩენის პასუხისმგებლობისგან, რომ აქ პასუხისმგებლობა გაცილებით მეტია, ათმაგი და ასმაგია. ასე რომ, არაფრით არ შეიძლება თანაბარ პინაზე დაყენება ხელისუფლების და სხვა რომელიმე პოლიტიკური პარტიის.
კორნელი კაკაჩია: ძირითადი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, რადგან ხელისუფლება აგებს ქვეყნის სტაბილურობაზე პასუხს. რა თქმა უნდა, არც ოპოზიციის ის წევრები არიან ანგელოზები, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ამ ხელშეკრულებას, მაგრამ მთავარი არის ის, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი პარლამენტში შევიდა, რამაც მეტ-ნაკლებად შეანელა დაპირისპირება. თან, 5 ივლისის მოვლენების ფონზე, ხელისუფლებას დაკარგული ჰქონდა საერთაშორისო პრესტიჟი და ახლა ამ განცხადების გაკეთება აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ისინი არ არიან დარწმუნებული, რომ 43%-ის მიღებას შეძლებენ არჩევნებზე.
თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია აჰყვეს რადიკალურ ქმედებებში. პირიქით, მან უნდა გააკეთოს საპირისპირო და დაუმტკიცოს დასავლეთს, რომ ისინი არიან კეთილგონივრული აქტორები და შეიძლება, ამ ხალხს არჩევნების მოგების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს დასავლეთმა.
ხელისუფლება რომ დისკრედიტებულია, არ ნიშნავს, რომ რადიკალურ თამაშში უნდა აჰყვე. თუ სურთ, რომ სიმპათია დაიმსახურონ საერთაშორისო საზოგადოების და ასევე, საზოგადოების ქვეყნის შიგნით, უფრო სოლიდურები უნდა იყვნენ და ნაკლებად ემოციური გადაწყვეტილებები მიიღონ, რომელიც ქვეყნის და არა ვიწროპარტიულ ინტერესებს მოემსახურება.
ცნობისთვის, გუშინ, ,,ქართულმა ოცნებამ" დოკუმენტის გაფორმებიდან ასი დღის შემდეგ განაცხადა, რომ 19 აპრილის შეთანხმებამ თავი ამოწურა. „ქართული ოცნების“ განცხადებით ვადამდელი არჩევნების საკითხი ამიერიდან არა შარლ მიშელის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაზე, არამედ მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული და „იმ შემთხვევაში დაინიშნება, თუ კოალიციური მმართველობა სახელმწიფოს არ დააზიანებს“.
„19 აპრილის შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება ჩვენი პარტიისთვის შეურაცხმყოფელია და ამგვარ უპრინციპობას ამომრჩეველი არ გვაპატიებს. 19 აპრილის შეთანხმებამ მოკლევადიან პერსპექტივაში პოლიტიკური პროცესების განვითარებაში დადებითი როლი შეასრულა. ოპოზიცია იძულებული გახდა შეეწყვიტა საბოტაჟი, რომლითაც ქვეყნის ინტერესებს აზიანებდა. შესაბამისად, კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის. თუმცა დღეს, დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო აქტორების მხრიდან კრიტიკული შეფასებები მოჰყვა, ევროპარლამენტარებმა „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილების გაუქმებისკენაც მოუწოდეს.
მმართველი პარტიის გადაწყვეტილების საპასუხოდ პარლამენტიდან გასვლის შესახებ განაცხადეს „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.
თავად შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება და ძალაუფლების განაწილება პარლამენტში. ევროპული საბჭოს და საქართველოს პრეზიდენტების ერთობლივ წერილში ნათქვამი იყო, რომ ეს შეთანხმება გამარჯვებაა როგორც საქართველოსთვის, ისე ევროკავშირისთვის და ის გზას უხსნის ევროკავშირთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას.