„მე მოვისმინე ქალბატონი კელი დეგნანის განცხადება და ხაზგასმით თქვა, რომ ეს იყო სესხი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც ამერიკის ელჩის განცხადებას ეხებოდა.
„ჩვენს პარტნიორებს ავუხსენით, კიდევ ავუხსნით ჩვენს მოტივაციას, რატომ ვთქვით უარი დამატებითი სესხის აღებაზე და მე ვფიქრობ, რომ ყველა კითხვა მოიხსნება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ეს განცხადება ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ჭიათურის მერობის კანდიდატის, გივი მოდებაძის წარდგენის შემდეგ განაცხადა. ამ თემაზე მან ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის დროსაც ისაუბრა.
75 მილიონი ევროს სესხის აღებისგან თავი შევიკავეთ კონკრეტული მიზეზის გამო და ეს განვმარტეთ, გამოდიან და ამბობენ, რომ ეს იყო არა სესხი, არამედ ევროკავშირის დახმარება, რომ ამაზე დგას თურმე ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზა და ქვეყანა დაინგრა, ასეთი შეურაცხმყოფელი ტყუილი რატომ უნდა იკადრო
2 დღეა, ამტკიცებენ თეთრზე, რომ შავიაო და რას კონკრეტულად, გამოდიან რომ „ქართულმა ოცნებამ“ თურმე ჩვენ ვთქვით უარი ევროკავშირზე და გადავუხვიეთ ევროკავშირის გზას და რატომ მეგობრებო? რომ 75 მილიონი ევროს სესხის აღებაზე, ხაზს ვუსვამ, სესხის, ვალის აღებაზე თავი შევიკავეთ კონკრეტული მიზეზის გამო და ეს განვმარტეთ“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
დღესვე მან ხუმრობით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, საქართველოს მიერ მაკროსაფინანსო ტრანშზე უარის შემდეგ, რას ნიშნავდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება.
„ვინაიდან ჩვენ უარი ვთქვით სესხის აღებაზე, რუსეთი გვიბრუნებს აფხაზეთს და სამაჩაბლოს. ყველაფერი კარგად არის“, - დაამატა ღარიბაშვილმა.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.
მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა.
მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.