აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის მაკროფინანსურ ტრანშზე საქართველოს მთავრობის განცხადებას ვაშინგტონშიც გაითვალისწინებენ. ჟურნალისტებთან საუბრისას ელჩმა სასამართლო სისტემის რეფორმის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
„ცოტა გაგვიკვირდა საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება, შექმნილი მაღალი უმუშევრობის, სიღარიბის დონისა და პანდემიით გამოწვეული სირთულეების ფონზე. დარწმუნებული ვარ, ვაშინგტონი ამას გაითვალისწინებს. როგორც ვიცი, ეს დახმარება დაკავშირებული იყო მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმის გატარებასთან და ეს ცხადი იყო ერთი წლის წინ, როდესაც დახმარების პაკეტის შეთანხმება ხდებოდა ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის.
როგორც უკვე ვთქვი, ეს არის აუცილებლად გასატარებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. რა თქმა უნდა, მათი განხორციელება მარტივი არ არის, თუმცა იმედის მომცემია, რომ ზოგიერთი კარგი რეფორმა უკვე გატარდა. ახლა მნიშვნელოვანია, გატარდეს ყველა სხვა რეფორმა, მიუხედავად იმის იქნება ის მიბმული 75 მილიონი ევროს დახმარებასთან თუ არა. შეერთებული შტატების კონგრესი თვალს ადევნებს აქ მიმდინარე მოვლენებს და ჩვენ ყოველთვის კოორდინაციაში ვართ საქართველოს მთავრობასთან იმ საკითხებზე, თუ რა ტიპის დახმარება სჭირდებათ და სურთ მათ. ასე რომ, დარწმუნებული ვარ ისინი [კონგრესის წარმომადგენლები] გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 75 მილიონი ევროს დახმარება არ სჭირდებათ“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისათვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ მთავრობა თავს შეიკავებს ამ სესხის აღებაზე, თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება. ამის მიზეზად ღარიბაშვილმა საგარეო ვალის შემცირება დაასახელა. უფრო ადრე, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ევროკავშირისგან მაკროფინანსური დახმარების მიღებას ფინანსური დატვირთვა აღარ აქვს.
მთავრობის განცხადებას ევროკავშირის წარმომადგენლობაში საგანგებო ბრიფინგი მოჰყვა, სადაც აღნიშნეს, რომ საქართველომ საკმარისად ვერ შეძლო, შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების პირობა.
მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შეახსენა საქართველოს მთავრობას, რომ მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდებოდა და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების ერთგულია.