პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერას ფარსს უწოდებს

პრემიერ-მინისტრი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერას ფარსს უწოდებს. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გამორიცხულია „ქართული ოცნება“ ამ შეთანხმებას დაუბრუნდეს.

„ეს არის ფარსი და სიყალბე, მათ ხელმოწერას ფასი ექნებოდა, როდესაც ჩვენი დიდი მეგობრების, შარლ მიშელის, ამერიკის ელჩის უშუალო მონაწილეობით დავასრულეთ მასზე მუშაობა. შეურაცხყოფა მიაყენეს მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ჩვენს პარტნიორებს. მათთვის და რელურად ჩენი სახელმწიფოსთვის გადავდგით კომპრომისული ნაბიჯები, გავაკეთეთ ყველაფერი, რომ სიტუაცია დამშვიდებულიყო და პოლიტიკური შეთანხმება მომხდარიყი. ბაზარში რომ ვაჭრობაა, ასეთი ტიპის ვაჭრობა გამართეს ჩვენს ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან. ამის მიუხედავად მოვაწერეთ ხელი შეთანხმებას.

ველოდეთ 100 დღე და მიუხედავად ამერიკელი და ევროპელი მეგობრების თხოვნისა, ხელი არ მოაწერეს მას. ეს საბავშვო ბაღი არ არის, ჩვენ, ქვეყანას ვმართავთ და ეს არის პირველ რიგში არის სახელმწიფოს ინტერესები და მერე სხვა. ამის შემდეგ ჩვენ გამოვედით ამ ხელშეკრულებიდან, რადგან ხელშეკრულება იმ შემთხვევაში ვალიდური იქნებოდა, როდესაც ორი მთავარი მხარე აწერს ხელს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი მოაწერა.