პრემიერი: რა ვაქცინებიც სურს მოსახლეობას, ისინი უნდა შემოვიტანოთ

როგორც ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები მეუბნებიან, Astrazeneca ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია, რა ვაქცინებიც სურს ჩვენს მოსახლეობას ის უნდა შემოვიტანოთ, - ასე უპასუხა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, ადასტურებს თუ არა, გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქართველომ უარი თქვა AstraZeneca-ს 50 000 დოზაზე, რომელიც ლატვიას უნდა გადმოეცა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობამ ამ მომენტისთვის საკმარისზე მეტი ვაქცინები შემოიტანა.

"ჩვენ, მთავრობამ მოვახერხეთ და შემოვიტანეთ ამ მომენტისთვის საკმარისზე მეტი ვაქცინები, ყველანაირი ვაქცინა გვაქვს საქართველოში - Pfizer-ი, დღეის მდგომარეობით გვაქვს კიდევ მილიონი დოზა, Sinovac-ი, რომელიც ანალოგიურია, როგორიცაა Sinopharm-ი, კიდევ დამატებით 1 მილიონი Sinopharm-ი მაქვს შეკვეთილი და ვმუშაობთ კიდევ 2 მილიონ Pfizer-ზე.

როგორც ჩვენი ექიმები და ეპიდემიოლოგები მეუბნებიან, Astrazeneca ნაკლებად მოთხოვნადი და პრიორიტეტულია ჩვენი მოსახლეობის მხრიდან. ქვეყანაში რომ არ იყოს ვაქცინები და ჩვენ ამ დროს გვეთქვა უარი, ეს იქნებოდა პირდაპირ დანაშაული, მაგრამ როცა 3 მილიონი ვაქცინა გვაქვს, ჩვენი სუვერენული არჩევანია, რა ვაქცინებიც ჩვენს მოსახლეობას უნდა, ის ვაქცინები უნდა შემოვიტანოთ", - განაცხადა პრემიერმა.