ნიკა მელია: ჩემთვის არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა, პირველ ტურში მე გავიმარჯვებ

გიორგი გახარიას გადაწყვეტილებამ „ქართულ ოცნებას“ ელექტორალური თვალსაზრისით მდგომარეობა გაუუარესა. - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

„ჩემთვის არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა. დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ უჭირს „ქართულ ოცნებას“. მე არ გამოვრიცხავ, რომ თბილისში მეორე ტური იქნება, მაგრამ პირველ ტურში შედეგობრივად მე გავიმარჯვებ. ვინ იქნება მეორე და მესამე ადგილზე, ეს კალაძესა და გახარიას შორის გადაწყდება. შესაძლოა, პირველივე ტურში თბილისის არჩევნების ბედი ვერ გადაწყდეს, მაგრამ შედეგობრივად, მგონია, რომ მე, საერთო ოპოზიციური კანდიდატი ვიქნები პირველ ადგილზე.

გახარიას და კალაძის ურთიერთობებში ხელების ფათური ნამდვილად არ მინდა. გუშინდელი მეგობრები და გუშინწინდელი თანამებრძოლები არიან. ძალიან უხერხულია ჩემი აზრით, როდესაც ერთი მხრიდან ვაკვირდებით წარმოუდგენელ საარაკო თავდასხმებს მეორეზე, არადა, გუშინწინ ერთმანეთს აქებდნენ, გვერდიდან არ შორდებოდნენ და რომ გეკითხათ, საქართველოს მასზე უკეთესი მოქალაქე ამ ქვეყანაში არ არსებობდა.

ახლა ტალახს ესვრიან ერთმანეთს. არაფერს ცვლის არჩევნებში გიორგი გახარიას მონაწილეობა. მე დარწმუნებული ვიყავი და ვარ, რომ უჭირს „ქართულ ოცნებას“, ეს კვლევებიდანაც ჩანს.

ვინ იქნება მეორე და მესამე ადგილზე, რა თქმა უნდა, ამას გადაწყვეტს ამომრჩეველი. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად კალაძესა და ბატონ გახარიაზე.

მათ პრაქტიკულად ერთი ამომრჩეველი ჰყავთ. ერთი რამ ძალიან საწყენია, რომ გუშინდელი მეგობრები ერთმანეთს არ ინდობენ, ეს ყოველგვარ ზღვარს სცდება. ვფიქრობ, ამას საზოგადოება სწორად შეაფასებს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

კახაბერ ქემოკლიძე თბილისის მერისა და ყოფილი პრემიერის შეხვედრაზე: კარგია, რომ ეს სტანდარტი დაწესდა