კახაბერ ქემოკლიძე თბილისის მერისა და ყოფილი პრემიერის შეხვედრაზე: კარგია, რომ ეს სტანდარტი დაწესდა

პარტია „საქართველოსთვის“ თბილისის მერისა და ყოფილი პრემიერის შეხვედრას ადასტურებს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კახაბერ ქემოკლიძემ განმარტა, რომ შეხვედრა მერიაში გაიმართა.

„შეხვედრა შედგა დღისით, მზისით, ქალაქ თბილისის მერიაში და შესაბამისად, თუკი რამე, თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ყოფილიყო დასამალი, როგორ წარმოგიდგენიათ, ბატონი გახარია თბილისის მერიაში მივიდოდა კალაძესთან შესახვედრად, სადაც შესასვლელში და ყველა სართულზე მგონი, 18 კამერაზე ნაკლები არსად არ არის დაყენებული? ეს იყო ღირსეული პოლიტიკოსის, ღირსეული ადამიანის საქციელი იმ ადამიანთან ურთიერთობაში, რომელსაც პატივს სცემდა, პატივს სცემს და ჩემი აზრით, ეს არის ის სტანდარტი, რომელიც ქართულ პოლიტიკას ძალიან აკლდა. კარგია, რომ ეს სტანდარტი ვიღაცამ დააწესა", - განაცხადა ქემოკლიძემ.

მისი თქმით, გიორგი გახარიამ კითხვის პათოსიდან გამომდინარე უპასუხა ჟურნალისტებს.

„ჩემი აზრით, ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბატონ გახარიას, რომ ბატონი მდინარაძე და კობახიძე იძახიან ამას, რომ ფულთან დაკავშირებით იყო საკითხი, რომელიც არის ცრუ ნარატივი. ამიტომ, მათ კონკრეტულ კომენტარებზე დროის დაკარგვა არის ფუჭი საქციელი და ჩემი აზრით, გიორგი გახარიამ კითხვის პათოსი, რა კუთხითაც იყო დასმული, იმ კუთხით უპასუხა. რაც შეეხება შეხვედრას, არაფერი დასამალი არ არის. აქ არის ძალიან ადამიანური მომენტი", - განაცხადა ქემოკლიძემ.

მანამდე, რიგმა ტელევიზიებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია კალაძესთან შეხვედრას არ ადასტურებდა.

თავად გიორგი გახარია ტყუილს უწოდებს "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ინფორმაციას, რომ შუამავლის საშუალებით მერობის კანდიდატობაზე უარის თქმის შემთხვევაში "ფინანსური მხარდაჭერა" მოითხოვა.

ამავე თემაზე:

კახა კალაძე: შევხვდი გახარიას, მან მითხრა, რომ აპირებდა კანდიდატობას, ეს რომ ტელევიზიით არ გამეგო