დომინიკ რააბი: დიდი ბრიტანეთი არ აღიარებს „თალიბანს“ უახლოეს მომავალში

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დომინიკ რააბის განცხადებით, ბრიტანეთი არ აღიარებს „თალიბანს“ უახლოეს მომავალში, თუმცა ხედავს პირდაპირი ჩართულობის საჭიროებას. ამის შესახებ მან ყატარში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი ახლა უნდა ადაპტირდეს ავღანეთში შექმნილ ახალ რეალობასთან და ამჟამად ქვეყნისთვის პრიორიტეტია დიდ ბრიტანეთში დარჩენილი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანა.

„ვფიქრობ, არსებობს მნიშვნელოვანი ფარგლები ჩართულობისა და დიალოგისთვის, რათა შემოწმდეს „თალიბანის“ მიერ უკვე მოცემული დაპირებები“, - განაცხადა დომინიკ რააბმა.

დომინიკ რააბის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა ავღანეთიდან 17 ათასი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა.

ცნობისთვის, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა.

ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.

ტერაქტს 170-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 13 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე. დაშავდა სულ მცირე 200 ადამიანი.

მოგვიანებით, აშშ-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლიკვიდირებული არიან "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები.

ამავე თემაზე:

ავღანეთში ბრიტანეთის ელჩმა ქაბული ბრიტანელი ჯარისკაცების ბოლო თვითმფრინავის გაფრენის შემდეგ დატოვა