პარლამენტის თავმჯდომარე ჭიათურაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის გივი მოდებაძის წარდგენაზე სიტყვით გამოსვლისას ქალაქს „ბევრ საინტერესო პროექტს“ დაჰპირდა.
კახა კუჭავას განცხადებით, გარემოს დაცვისა პრობლემის მოგვარებაში პარლამენტი აქტიურად ჩაერთვება.
„ბევრმა არ იცის, რომ პირველი ჩოგბურთის კორტი სწორედ ჭიათურაში ააშენეს ევროპელებმა, ინგლისელებმა. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან ესაა ის, რითაც უნდა ვიამაყოთ.
პირველ რიგში რასაც ჭიათურა საჭიროებს, არის უფრო მეტი ხელშეწყობა, რომელიც ნამდვილად იქნება. როდესაც ჭიათურაზე ვსაუბრობთ, ერთ-ერთი პირველი, რაც გვახსენდება, არის ის წარმოება, სამთო-მოპოვებითი სამუშაო, რომელიც აქ მიმდინარეობს და საქართველოს ეკონომიკაში ძალიან დიდ როლს თამაშობს.
ჩვენ გვჭირდება გასუფთავებული მდინარე „ყვირილა“, გაწმენდილი სანაპიროები, რეკულტივაცია, რომელიც აუცილებელია დიდი მასშტაბით დაიწყოს, რადგან ის მიტოვებული საბადოები და თუნდაც ახალი მოპოვებები, რომელიც მიმდინარეობს, მიმდინარეობდეს უმაღლესი სტანდარტით.
გპირდებით, რომ პარლამენტი ნამდვილად იქნება ამ კუთხით ბოლომდე ჩართული, რომ გააკონტროლოს და ერთხელ და საბოლოოდ, გარემოს დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები ჭიათურაში აღმოიფხვრას რაც შეიძლება მოკლე ვადებში.
ვნახეთ ახალი საწარმო, კომპანიამ საკმაოდ დიდი ინვესტიცია განახორციელა, თუმცა, როგორც ვატყობთ, ეს ვერ შველის პრობლემის სრულად გადაჭრას. აუცილებელია ის ძველი საწარმოები ან მთლიანად გადაიარაღდეს ან დამატებით ახალი გაკეთდეს, რომ ის, რაც წარმოადგენს დაბინძურების წყაროს, ბოლომდე იქნას აღმოფხვრილი.
დარწმუნებული ვარ, ცენტრალური ხელისუფლებიდან იქნება სრული მხარდაჭერა. აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა, რომელიც კიდევ უფრო საინტერესო პროექტებს შემოგთავაზებთ.
ერთ-ერთი მთავარი პოტენციალი, რომელიც ჩემი აზრით გაჩნია ჭიათურას, არის ტურიზმი. უნიკალურია ამ ქალაქის განლაგება ამ კანიონში და ამ ხეობაში, რომლის ბადალი მსოფლიოში ალბათ რამდენიმე თუ შეგვიძლია მოვიყვანოთ-არ შეიძლება ეს პოტენციალი სრულად არ გამოვიყენოთ. ვიცი, რომ ბევრი ქართველი და უცხოელი ტურისტი ჩამოდის და თუ ჩვენ აქ შესაბამის ინფრასტრუქტურას და დამატებით შესაძლებლობებს შევქმნით, რომ მათ მიიღონ ყველა სერვისი, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი იქნება წარმატება არ მხოლოდ ამ რეგიონისთვის და ამ ქალაქისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის“, - განაცხადა კახა კუჭავამ.