Euronews-ის ინფორმაციით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ტედროს გებრეიესუსი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გამოყენების ნაცვლად, ვაქცინების ღარიბი ქვეყნებისთვის მიწოდების მომხრეა. ამის შესახებ ჯანმოში კომენტარი მას შემდეგ გაკეთდა, რაც საფრანგეთმა 65 წლიდან მოქალაქეებს ,,ბუსტერ" დოზით ვაქცინაცია შესთავაზა.
ის მიესალმება იმუნიტეტის გაძლიერებას, თუმცა მიაჩნია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება, რადგან ზოგიერთ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების სწრაფი ტემპი ვაქცინებზე არათანაბარი წვდომის გამოა შენარჩუნებული.
გებრეიესუსის თქმითვე, ამ მომენტისთვის სრულად ვაქცინირებული, ჯანმრთელი ადამიანებისთვის მესამე დოზის გაკეთება აუცილებლობას არ წარმოადგენს და ვაქცინები შენახულ უნდა იქნას იმ ჯგუფებისთვის, სადაც ავადობა და სიკვდილიანობა მაღალია.
„კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზა მაღალი რისკის ქვეშ მყოფი ადამიანებისთვის შეიძლება გახდეს საჭირო, როდესაც მძიმე დაავადებისა და სიკვდილის წინააღმდეგ იმუნიტეტის შემცირების მტკიცებულება არსებობს. მაგალითად, დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანების მცირე ჯგუფი, რომელთა რეაქცია საწყის დოზებზე საკმარისი არ იყო, ან უკვე აღარ წარმოექმნებათ ანტისხეულები. ჯერჯერობით, ჩვენ არ გვინდა ვიხილოთ გამაძლიერებელი დოზების ფართო გამოყენება ჯანმრთელ ადამიანებში, რომლებიც სრულად არიან აცრილნი“, - აღნიშნა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.