ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის მომზადებას იწყებს

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობისა და ეუთოს დირექტორატის ხელმძღვანელის, ლუკ დევინის განცხადებით, ევროკავშირი ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე პაკეტის მომზადებას იწყებს.

„ლუკაშენკოს რეჟიმის ბოლო ქმედებები, კერძოდ, მიგრანტების ინსტრუმენტალიზაცია, საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევაა. ეს არ შეცვლის ჩვენს მტკიცე განწყობას და არ გააუქმებს სანქციების დაწესებას. ჩვენ განვაგრძობთ ბრძოლას ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ მიგრანტების ინსტრუმენტალიზაციის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, სანქციებს მოიცავს. სანქციების მეხუთე პაკეტზე მუშაობა ახლა იწყება“, - აღნიშნა ლუკ დევინმა.

ცნობისთვის, მანამდე ევროკავშირმა საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებისა და საპროტესტო აქციების ჩახშობის გამო პერსონალური სანქციების ოთხი პაკეტი დაამტკიცა.

სანქციების შეეხო 166 პირსა და 15 ორგანიზაციას.

გარდა ამისა, 23 მაისს, ირლანდიური ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც ათენი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა, ავიაგამანადგურებლის თანხლებით მინსკში იძულებით დაეშვა. თვითმფრინავის დაშვების შემდეგ ავიალაინერში მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი, რომან პროტასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა დააკავეს. ბელარუსის მთავრობის განცხადებით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ შეტყობინება მიიღეს, რაც ავიაკომპანიას აცნობეს. Ryanair - ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბელარუსში იძულებით დასმას „სახელმწიფოს მიერ გატაცება“ და ბელარუსის ხელისუფლების მხრიდან საჰაერო მეკობრეობა უწოდა.

ევროპული ქვეყნები შეშფოთებას გამოთქვამენ და ბელარუსს სახელმწიფო ტერორიზმში ადანაშაულებენ. ევროპის მასშტაბით პოლიტიკურმა ფიგურებმა მოუწოდეს ევროკავშირსა და NATO-ს ჩარევისკენ. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დომინიკ რააბმა ბელარუსი გააფრთხილა, რომ ეს „უცნაური მოქმედება" „სერიოზულ შედეგებს" გამოიწვევს.

24 მაისს, სახელმწიფო ტელევიზიამ მინსკში დაკავებული რომან პროტასევიჩის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ „უსაფრთხოების ოფიცრები მას კარგად ექცევიან, თავს კარგად გრძნობს და აღიარებს, რომ საპროტესტო მიტინგების უკან დგას“. ჟურნალისტის მამა ამბობს, რომ მის შვილს ჩანაწერი ზეწოლის შედეგად ჩააწერინეს.

24 მაისს, ევროპული საბჭო ბელარუსისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდა

ამავე თემაზე:

ევროკავშირი ბელარუსს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრება