ამირან გამყრელიძე გასცემს რეკომენდაციას, რომ სამედიცინო პერსონალის აცრა სავალდებულო გახდეს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გასცემს რეკომენდაციას, საქართველოში კორონავირუსის წინააღმდეგ სამედიცინო პერსონალის აცრა სავალდებულო იყოს.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამ ეტაპზე ქვეყანაში ექიმების 67%–ია აცრილი, ხოლო სრულიად სამედიცინო პერსონალში ვაქცინაციის მაჩვენებელი უფრო დაბალია.

„ანტივაქსერიზმი არაა პროფესიასთან დაკავშირებული, ის ყველა ჯგუფშია. ბევრი გვიფიქრია და ექიმებს სავალდებულოობა გვაქვს სხვა აცრებთან დაკავშირებით, მაგალითად ჰეპატიტის აცრა სავალდებულოა აგრესიული დისციპლინების სამედიცინო პერსონალში. კანონითაა დადგენილი. ისევე, როგორც წითელას საწინააღმდეგოდ უნდა იყონ აცრილი და ა.შ.

სავალდებულოობა იმუნიზაციასთან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა ყოველთვის. ყველაზე უფრო დემოკრატიულმა ქვეყნებმა შემოიღეს. მე მაგალითად, რეკომენდაციას ვაკეთებ და მიმაჩნია, რომ ჩვენ, ექიმები, სამედიცინო პერსონალი უნდა ვიყოთ მაგალითი.

ჩვენთან 82%-ია აცრილი და ყოველ დილა ვკითხულობ, როდის უნდა ავიდეთ 90%-ზე. ჩვენთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრში, არ ვართ 100% აცრილი. 82% არაა ცუდი მაჩვენებელი, რაც გვაქვს, მაგრამ ჩვენ მაგალითი უნდა ვიყოთ – 90-95% უნდა ვიყოთ აცრილი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ,,ფორმულას" ეთერში.

ცნობისთვის, 2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 235 386 ადამიანმა გაიკეთა,

ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 212 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 5 017 პაციენტი, 81 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.