თამარ გაბუნია: ჰოსპიტალში გადაყვანილი პაციენტების უდიდესი ნაწილი არის აუცრელი, ასეა გარდაცვლილების შემთხვევაშიც

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში კოვიდინფიცირებით ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანების უდიდესი ნაწილი არის აუცრელი.

როგორც გაბუნიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალ ასაკობრივ ჯგუფში.

,,ჰოსპიტალში მოხვედრილი უდიდესი ნაწილი არის აუცრელი ადამიანები, ანუ მათ ვაქცინაცია არ ჩატარებიათ. ასევეა გარდაცვალების შემთხვევაშიც, უდიდესი ნაწილი არის არავაქცინირებულები. რაც შეეხება ასაკობრივ სტრუქტურას, ჩვენ განსხვავებას გასულ ტალღებთან მიმართებაში ასაკობრივ სტრუქტურაში განსხვავებას ვერ ვხედავთ. ისევ დომინანტური რჩება გარდაცვალების მაჩვენებელი მაღალ ასაკობრივ ჯგუფში, 70 წელს გადაცილებულ ასაკში, სხვა ასაკობრივ ჯგუფში ერთეულებია გარდაცვალების რიცხვი, მსგავსი იყო გასული ტალღების პერიოდშიც.

ერთ-ერთი საყურადღებო ფაქტორი გარდაცვალებასთან მიმართებაში რაც სახელდება არის დროული მომართვიანობა კლინიკაში, რისთვისაც პირველადი ჯანდაცვის ექიმები აქტიურად მუშაობენ და როგორც კი პირველი საგანგაშო ნიშნები არის სახეზე მაშინვე ხდება პაციენტების გადამისამართება კლინიკაში", - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.