თამარ გაბუნია: თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებულ კოვიდპაციენტს ბინაზე მართავს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მუშავდება მოდელი, რომლის მიხედვით თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული კოვიდპაციენტის ბინაზე მართვას უზრუნველყოფს.

„სხვადასხვა ეტაპზე იმართებოდა 40-50 000 პაციენტი ბინის პირობებში, რაც იყო დიდი დატვირთვა პირველადი ჯანდაცვის რგოლისთვის და ოჯახის ექიმებისთვის. ჩვენამდე მოდიოდა შემთხვევები, როდესაც ოჯახის ექიმმა დაგვიანებით გასცა პასუხი პაციენტს, ან შედარებით გვიან დაუკავშირდა, ახლა შედარებით შემსუბუქდა დატვირთვა და ასეთი ზარებიც შედარებით ნაკლებია.

ჩვენ ვმუშაობთ დეცენტრალიზაციის კიდევ უფრო გაფართოებაზე. სამომავლოდ მუშავდება მოდელი როდესაც თითოეული ოჯახის ექიმი მასთან რეგისტრირებული მოსახლეობის მართვას უზრუნველყოფს. კოვიდპაციენტი მიიღებს სერვისს მისივე ოჯახის ექიმისგან, ვისთანაც ის რეგისტრირებულია. თუ მოქალაქე არ არის რეგისტრირებული ოჯახის ექიმთან, ამ შემთხვევაში მას მოემსახურება ონლაინ კლინიკა, ან ექნება შესაძლებლობა დარეგისტრირდეს. ეს სისტემას კიდევ უფრო გააფართოებს და მეტად ადვილი იქნება თითოეული ოჯახის ექიმისთვის შემთხვევების მართვა. მზად არის საკმარისად ქსელი იმისთვის, რომ თითოეული ოჯახის ექიმი ჩაერთოს მასთან რეგისტრირებული პაციენტის მართვაში“, - განაცხადა გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.