ლევან რატიანი: ტყუილია, რომ კოვიდმძიმე პაციენტები მასიურად იღუპებიან

,,კლინიკაში გვყავს ძალიან ბევრი კრიტიკული პაციენტი, საბედნიეროდ, მათი უმეტესობა ჯანმრთელდება და კლინიკიდან ეწერება", - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

რატიანის განცხადებით, იმის თქმა, რომ COVID-ით მძიმე პაციენტები მასობრივად იღუპებიან ჩვენს ქვეყანაში, არის მცდარი.

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ თუ რეანიმაციაში კოვიდინფიცირებული მოხვდება, ვერ გავა იქიდან, სიმართლე არ არის, არ ვიცი, ვის აწყობს ამის თქმა და რატომ ძაბავს მოსახლეობას. ჩვენი კლინიკა ემსახურება ყველაზე მძიმე და კრიტიკულ პაციენტებს, როგორც ახალშობილებს, ისე ორსულებს და ლეტალობის ინდექსი, ჩვენდა საბედნიეროდ გვაქვს 5,1%“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

პირველი საუნივერიტეტო კლინიკის დირექტორი იმედოვნებს, რომ ქვეყანაში ლეტალობის ინდექსი მკვეთრად დაიკლებს.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ძალიან მალე დადგება მომენტი, ლეტალობის ინდექსი ქვეყანაში მკვეთრად დაიკლებს“, – განაცხადა ლევან რატიანმა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.