ჯანდაცვის მინისტრი: საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლი გადაიხედება

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლი გადაიხედება.

მინისტრის თქმით, აუცილებლად უნდა გაძლიერდეს კლინიკური მართვის ჯგუფის აქტივობა.

„უნდა გავაძლიეროთ კლინიკური მართვის ჯგუფის აქტივობა და საჭიროების შემთხვევაში უნდა გადავხედოთ მკურნალობის და კრიტიკული პაციენტების მართვის პროტოკოლს.

რეანიმატოლოგების სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მსოფლიოში ლეტალობის მაჩვენებელი არის 2%, ჩვენ კი სტაბილურად ვინარჩუნებთ 1.36%-ს, რაც ჩვენი ექიმების პროფესიონალიზმის დამსახურებაა და აუცილებლად ყველა უნდა ვეცადოთ, რომ ეს მაჩვენებელი როგორმე შევინარჩუნოთ ან გავაუმჯობესოთ“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.