კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გერმანიაში, შესაძლოა, დეკემბრის შუა რიცხვებში დამტკიცდეს, - ამის შესახებ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა განაცხადა. მისი თქმით, BioNTech-სა და Pfizer-ის მიერ შექმნილ ვაქცინაზე წარმატებული კლინიკური ცდის შემდეგ გერმანიაში მოსახლეობის ვაქცინაციის დაწყება მხოლოდ დროის საკითხია.
მისივე თქმით, ვაქცინის დამტკიცებისთანავე ქვეყანაში პირველ რიგში საავადმყოფოებისა და მოხუცთა თავშესაფრების სამედიცინო პერსონალს აცრიან და დასძინა, რომ ვაქცინაცია ყველასთვის სავალდებულო არ იქნება.
„ვაქცინაცია არა მხოლოდ თქვენს დასაცავადაა საჭირო, არამედ მათთვისაც, ვისზეც თქვენ ზრუნავთ,“- აღნიშნა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა.
იენს შპანის ინფორმაციით, სხვადასხვა მწარმოებელთან მიღწეული შეთანხმების შედეგად გერმანიამ ვაქცინების 300 მილიონზე მეტი დოზის უზრუნველყოფა შეძლო.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ისა და მისი გერმანული პარტნიორის, BioNTech-ის მიერ შექმნილ კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ ვაქცინაზე ჩატარებული კლინიკური ცდების საბოლოო შედეგმა აჩვენა, რომ პრეპარატის ეფექტურობა 95%-ს აღწევს.