ამირან გამყრელიძე: აცრილიდან აცრილზე კორონავირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინირებულ პირებს შორის ვირუსის გადადების შანსი ბევრად მცირეა, ვიდრე პირიქით.

მისივე ინფორმაციით, სრულად ვაქცინირებულებში ინფიცირების შემთხვევა ძალიან მსუბუქი იყო და ჰოსპიტალიზაცია მათ მცირე ნაწილს დასჭირდა.

„აცრილიდან აცრილზე გადადების შანსი ბევრად უფრო მცირეა, ვიდრე აცრილიდან აუცრელზე, ან აუცრელიდან აცრილზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ ,,მაესტროს" ეთერში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 3 034 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 3 952 პაციენტი, 86 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა.

3 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში ჯამში 1 259 391 აცრა ჩატარდა. ამასთან, ერთი დოზით აცრილია 822 297 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 28.8 პროცენტია, ხოლო სრულად ვაქცინირებულია 437 094, რაც მოზრდილი მოსახლეობის 15.3 პროცენტია.