რუსეთის შორეულ ქალაქ ხაბაროვსკში მორიგი ანტისამთავრობო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებიც ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალისადმი მხარდაჭერას გამოხატავდნენ. ქალაქის ცენტრში შეკრებილ ორასკაციან მიტინგზე ანტისამთავრობო შეძახილებიც ისმოდა.
„სირცხვილი პოლიციას“, „პუტინი უნდა გადადგეს“, - სკანდირებდნენ დემონსტრანტები.
აქცია არასანქცირებული იყო, პოლიციამ ერთ-ერთი ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი და სამი აქტივისტი დააკავა.
ხაბაროვსკის ყოფილი გუბერნატორი, სერგეი ფურგალი, ორიათასიან წლებში მეწარმეების მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით, ივლისში დააპატიმრეს.
ფურგალი ბრალდებას უარყოფს. მისი მომხრეები საქმეს პოლიტიკურად აფასებენ, რადგან ფურგალმა რამდენიმე წლის წინ არჩევნებში დაამარცხა კანდიდატი, რომელსაც კრემლი უჭერდა მხარს.